ადვოკატი: რატომ გარდაიცვალა მაჩალიკაშვილი მაშინ, როცა გადაყვანა იგეგმებოდა?

რუსთავი 2

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სვამს კითხვას: რატომ გარდაიცვალა მაჩალიკაშვილი მაშინ, როდესაც მისი საზღვარგარეთ გადაყვანა იგეგმებოდა. 

"ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. სროლის ტრაექტორია, ხომ არ ესროლა სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს ორჯერ, ასევე ასეთი გარდაცვალების მიზეზი, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე მოლაპარაკება გვქონდა და გადაწყვეტილი იყო მისი გადაყვანა, ასე სწრაფად რატომ დადგა სიკვდილი. მრავალი სხვა კითხვა, რომელიც ჩვენ დავუსვით ექსპერტიზას", - ამბობს კუბლაშვილი. 

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი რამდენიმე საათია, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. გაკვეთას დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილის ესწრება. ადვოკატის ცნობით, ოჯახი ექსპერტიზის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა მათი დარწმუნება მოხერხდა. 

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედარს პანკისში გადაასვენებენ. 

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი მას შემდეგ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები