სუს-ი: Temirlan Pankisskii-ის ფეისბუქის გვერდს ვსწავლობთ, კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში სწავლობს, ეკუთვნოდა თუ არა Temirlan Pankisskii-ის Facebook-ის ანგარიში თემირლან მაჩალიკაშვილს - ასე პასუხობს უწყება ტაბულას კითხვას, ადასტურებს თუ არა სუს-ი, რომ ISIS-ის მხარდამჭერი პროფილი ნამდვილად გარდაცვლილ მაჩალიკაშვილის იყო.

კითხვაზე, თუ როდის დაიწყო Temirlan Pankisskii-ის პროფილის შესწავლა, სუს-ში ჯერ გვიპასუხეს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“ ექსპერტიზის დასრულებამდე „კონკრეტულად ვერაფერს გვეტყვიან“, თუმცა მოგვიანებით დააზუსტეს, რომ ეს „გუშინ და დღეს არ დაწყებულა“.

ტაბულამ სუს-ს სულ რამდენიმე კითხვით მიმართა:

• ადასტურებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ ფეისბუქის ეს გვერდი ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილს ეკუთვნის;
• თუ ადასტურებენ, რომ ეს მაჩალიკაშვილის გვერდია, რატომ არ გაავრცელეს შესაბამისი ინფორმაცია;
• აკონტროლებენ თუ არა ყველას, ვინც სოციალურ მედიაში ტერორის პროპაგანდას ეწევა;

სუს-მა გვიპასუხა:

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა და მათი დასრულების შემდეგ შევძლებთ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას. არა მხოლოდ მაჩალიკაშვილის, არამედ ზოგადად ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეში, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც იქნება წარდგენილი სასამართლოზე. რაც შეეხება ფეისბუქის გვერდს, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს ექსპერტიზა და მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მივაწვდით საზოგადოებას დაზუსტებულ ინფორმაციას. უფრო კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი“ - გვითხრეს სუს-ში

მალევე უწყებამ დაგვიზუსტა, რომ „ექსპერტიზა დღეს არ დაწყებულა, თუმცა, არის დეტალები, რომლებსაც გამოძიების ინტერესებიდან ვერ გეუბნებით, თარიღს ვერ გიკონკრეტებთ, თუმცა ექსპერტიზა დღეს და გუშინ არ დაწყებულა".

Temirlan Pankisskii-ს, რომელიც დიდი ალბათობით, თემირლან მაჩალიკაშვილია, არაერთი ვიდეოა ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ISIS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილის ფოტო აქვს ატვირთული.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, 10 იანვარს კი გარდაიცვალა.

პანკისში სპეცოპერაცია 26 დეკემერს, გამთენიისას ჩატარდა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები