IDFI-ის დირექტორის დაკავება

შსს-მ არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაადასტურა და გასწორებული გამოაქვეყნა

0 კომენტარი
ფოტო: RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ვებ-გვერდზე არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საქმე ეხება IDFI-ის ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დაკავებასა და სასამართლო პროცესს. ის 2014 წლის დეკემბერში, იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. კლდიაშვილი ამბობდა, რომ ოთხ ნაწილად დაშლილი საკოლექციო, ანტიკვარული იარაღი, ტყვიებისა და მჭიდის გარეშე, შესაკეთებლად წაიღო ხელოსანთან, სახლში დაბრუნებისას კი პოლიციამ დააკავა. საქალაქო სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და 1500-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, თუმცა არ იყო მითითებული, რომ ის იყო დაშლილ მდგომარეობაში. გარდა ამისა, შსს აღნიშნავდა, რომ კლდიაშვილის გათავისუფლებისას მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც ასევე უზუსტობაა.

განცხადებაში არსებული უზუსტობების გასწორების მოთხოვნით, გიორგი კლდიაშვილმა თავდაპირველად სამინისტროს მიმართა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ კი, სასამართლოს. 

კლდიაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციის იურისტი ტაბულასთან ამბობს, რომ დავა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ცოტა ხნის წინ კი, შსს-სგან მიიღეს შეთავაზება, რომ საქმე მორიგებით დასრულებულიყო.

"სარჩელი ეხებოდა გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ფაქტები იყო არასრულად. ეწერა, რომ გიორგი კლდიაშვილს აღმოაჩნდა იარაღი, მაშინ, როცა მას ოთხ ნაწილად დაშლილი იარაღი ჰქონდა. ასევე, ეწერა, რომ პროკურორი ითხოვდა გირაოს, რეალურად, კი პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და კლდიაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. ფაქტები იყო არაზუსტად და არასწორად მოცემული, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გიორგი კლდიაშვილი არის კრიმინალი და ქალაქში გადაადგილდება იარაღით. შედეგად, მის პატივსა და ღირსებას მიადგა ზიანი. შევიტანეთ სარჩელი და ვითხოვდით მცდარი, ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფას. ორი წლის თავზე შსს-მ შემოგვთავაზა, რომ საქმე დაგვესრულებინა მორიგებით, შევთანხმდით ორივე მხარისთვის მისაღებ ტექსტზე და გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე უწყების არც ერთი ხელმძღვანელი არ გამოთქვამდა სურვილს, რომ მომხდარიყო დავის დასრულება", - ამბობს დათო ლომთაძე ტაბულასთან.

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ 2014 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ფაქტობრივი გარემოებები იყო მოცემული. უწყებაში ამბობენ, რომ შესწორებას ფაქტობრივი უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით აქვეყნებენ.

"გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები: "ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას "პარაბელუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს". აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ "გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება" და რომ "მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი". იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო, სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის დამადასტურებელი მოწმობა და გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ თავად ჰქონდა ამ იარაღის ტარების უფლება. შესაბამისად, გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ "მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა". თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა.

2015 წლის 05 ივნისს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოცემული განცხადება, რათა აღმოიფხვრას ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც დაშვებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადებაში", - აცხადებს შსს.

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ალექსანდრე ჭიკაიძე ხელმძღვანელობდა. ის ვახტანგ გომელაურმა შეცვალა, შემდეგ კი უწყებას სათავეში გიორგი მღებრიშვილი ჩაუდგა. 2017 წლის დეკემბერში შს მინისტრი გიორგი გახარია გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები