ინციდენტი კლუბ ბასიანთან

შსს "ბასიანის" ინციდენტზე: გამოვიყენეთ კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტის ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა  კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს.

"ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე,  დაზიანებები  მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები