NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 48% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრი მის ინტერესებს დაიცავს

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის მიხედვით, გამოკითხულთა 48% პარლამენტის წევრისგან არ მოელის, რომ ის მის ინტერესებს დაიცავს, 29% საპირისპიროს ფიქრობს, ხოლო 13%-მა არ იცის. 

ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 74% მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. მოსაზრებას არ ეთანხმება მხოლოდ 12%, 13%-მა კი არ იცის. 

იმავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, 29% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და 12%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი აქტიური იქნება, 27% საპირისპიროს ფიქრობს, ხოლო 17%-მა არ იცის. 

კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანის შეხედულებებს", მხოლოდ 5% პასუხობს, რომ სრულად ეთანხმება, 26% კი საერთოდ არ ეთანხმება. მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება 42% და ნაწილობრივ არ ეთანხმება 20%. კითხვაზე პასუხი 6%-ს არ ჰქონდა. 

2016 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 19% პასუხობდა, რომ სრულად ეთანხმება, ნაწილობრივ ეთანხმებოდა 43%, ნაწილობრივ არ ეთანხმებოდა 14%, საერთოდ არ ეთანხმებოდა 13%. კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 12%-ს. 

კვლევაში მონაწილეთა 90% პასუხობს, რომ არასდროს დასწრებია პარლამენტის/პარლამენტის წევრის ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას. 97% პასუხობს, რომ არასდროს მიუმართავს მოთხოვნით პარლამენტისთვის, პარლამენტის წევრისთვის. 98%-ს არასდროს გაუკეთებია კომენტარი კანონმდებლობაზე. ასევე, 98% არასდროს დასწრებია კომიტეტის სხდომას. 

გამოკითხულთა 74% პარლამენტის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს, 12% Facebook-დან. 15% ამბობს, რომ პარლამენტის შესახებ ინფორმაციას არ იღებს. 

ასევე წაიკითხეთ - NDI: გამოკითხულთა 73%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები