კრიმინალი

5 დანაშაულში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს, მათ შორისაა ძალადობა და განზრახ მკვლელობა

Getty Images

გორის რაიონულმა სასამართლომ ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში გ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ა.მ.-მ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. იმავე დღეს გ.მ. ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ს.-ს ფიზიკურად გაუსწორდა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად სცემდა დაზარალებულს, რამაც გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია და მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1290 ერთეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება - საარტილერიო დენთი.

ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით.

კომენტარები