კრიმინალი

შსს: დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქურდული გარჩევით მოქალაქეებს ფული გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი - მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუმა" და კიდევ სამი სხვა პირი - დააკავეს. შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.

"ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას ოთხი თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

"ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები, რაც ადასტურებს ბრალდებულების კანონიერ ქურდებთან კავშირს" - აცხადებს შსს.

მინისტრის მოადგილის თქმით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ ქურდულ სამყაროს, მონაწილეობენ ქურდულ გარჩევებში და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან - კაკო ტბილისკისთან, ლავას ოღლისთან, "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და სხვა".

სამ დაკავებულს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს - ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა,  ხოლო ორს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

კომენტარები