ქართული თეატრი

"იქნებ როგორმე ილუზია იქცეს სამყაროდ" - პროფესია რეჟისორი

0 კომენტარი
რეჟისორი პაატა ციკოლია ფოტო: ლევან (ლეკო) ჭყონია

ქართულ თეატრში სულ უფრო მეტად აქტიურდება ახალგაზრდა რეჟისორების ძალიან საინტერესო თაობა, რომელიც ცდილობს ძიებას, კვლევას, აღმოჩენას და იმ გამომსახველობითი ფორმებით საუბარს თეატრის მაყურებელთან, რომელიც მათთვის ორგანულიცაა და დამაფიქრებელიც, საინტერესოც და მტკივნეულიც. შესაბამისად, უკურეაქციაც არ აყოვნებს და კონკრეტულ თეატრებსა თუ რეჟისორებს დღეს უკვე ჰყავთ მაყურებელი, რომელიც ელის მათ ახალ ნამუშევარს.

მაყურებლისა და არტისტის ურთიერთკავშირი ყველაზე მკაფიო დასტურია იმისა, რომ ხელოვანს აქვს უნარი, ეხებოდეს და გრძნობდეს, როგორც რეალობას, ასევე ამ რეალობაში წარმოქმნილ პრობლემებს, სირთულეებს. თეატრი, მისი გამორჩეულად სინთეზური ბუნებით მაყურებელთან კომუმუკაციის განსაკუთრებით მრავალფეროვან და ინტიმურ სივრცეს ქმნის.

პაატა ციკოლია არის რეჟისორი, რომელსაც თანამედროვე ქართულ თეატრალურ სივრცეში, შეიძლება თამამად ვუწოდოთ ექსპერიმენტების მოყვარული. მისი მუშაობის პროცესი, პიესიდან დასრულებულ სცენურ პროდუქტამდე გადის გზას, რომელიც მთლიანად ეყრდნობა ექსპერიმენტის, რისკის, სიახლის აღმოჩენის სურვილს. ვერ ვიტყვით, რომ მაყურებელი, იქნება ეს მოყვარული თუ პროფესიონალი, ყოველთვის თანაბრად აღიქვამს და იღებს რეჟისორის შეთავაზებულ ექსპერიმენტს, თუმცა ბოლო რამდენიმე ნამუშევარმა ცხადყო, რომ მან შეიძინა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი, რომელიც თანამოაზრედ აქცია რეჟისორის როგორც სითამამემ, ისე რეალობისადმი დამოკიდებულებამ.

არ არის მარტივი, ისაუბრო ხელოვნებაზე. ზოგადად ხელოვნების ფუნქციაზე, რადგან სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში გარკვეული "ძალები“, პოლიტიკური თუ რელიგიური ინსტიტუციები ცდილობდნენ, გავლენის ქვეშ მოექციათ ხელოვნება. თეატრს ხშირად აკისრებდნენ კონკრეტულ „მისიას“, რომელიც უნდა შეესრულებინა და შესაბამისად, მისი შეფასებაც შესრულებული დავალების მიხედვით ხდებოდა. „ხელოვნებაზე, მისი გავლენის გამო, გარკვეული ვალდებულებების „აკიდება“ საუკუნეების პრაქტიკაა.“ სამწუხაროდ, ეს მავნე პრაქტიკა დღესაც აქტუალურია და რეჟისორი თვლის, რომ დღესაც შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხელოვნებაში არის არტისტის მიერ გარკვეული იდეოლოგიის მსახურება. თუმცა ხელოვნების ნებისმიერი მიმართულების კონკრეტულ ფუნქციას, რომელიც მის ბუნებაშივეა განსაზღვრული, მაინც თავად ხელოვანის პირადი ინტერესი და დამოკიდებულება განაპირობებს. „ჩემთვის ეს გულისხმობს მუდმივ დიალოგში ყოფნას ჩემსავე დროსა და გარემოსთან.“

"მეტი კონტროლი“ - ასე განსაზღვრავს პროფესიულ არჩევანს. მისთვის ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დისტანციის დაფარვაა დროს, გარემოსა და ადამიანებთან და ამ დისტანციიდან საკუთარი პოზიციის ხედვის უკეთ მართვა. მაქსიმალური კომუნიკაცია რეალობასთან.

„წერა ფაქტობრივად, მაქსიმალური კონტროლის საშუალებას იძლევა შრომისა და ძიების პროცესა და შედეგზე, რადგან მარტო ხარ და წერ. ხართ ორნი შენ და ენა და მორჩა. რეჟისურა გადის სხვა დისტანციას, იყენებს სხვა, ხშირად ურთიერთკონფლიქტურ ხერხებს თუ მასალას და მისი ენა თუ უფრო გაფართოებული არაა, უფრო პოპულარული ნამდვილად არის წერის ენასთან შედარებით. აქვს წვდომის მეტი პოტენციალი და ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ მანძილს თუ დისტანციას. ამ ენის ლექსიკონი თუ ამპლიტუდა დიდია და ამით არის საინტერესო.“

ლელა ოჩიაური, ხელოვნებათმცოდნე: „პაატა ციკოლიას უდავოდ ვთვლი ახალი თაობის იმ რეჟისორად, რომელიც სპექტაკლებით, პიესებით, სინამდვილისადმი დამოკიდებულებით, თავისთავადი და ახალი თეატრალური ენის, ფორმების, სცენური „თხრობის“ მანერით ქართულ სახელოვნებო სივრცეში განსხვავებული თეატრის არსებობას ამტკიცებს. ესაა რეჟისორი, რომელიც ნამდვილად არავის ჰგავს და რომლის შემოქმედებითი აზროვნება, ხელწერა, გამომსახველი ხერხები არათუ სხვისგან, საკუთარ თავშივეც განსხვავებულია. მოქნილი და დინამიკური ავტორია, რომელიც ერთ არჩეულ თუ მიგნებულ, წარმატებულ სტილს არ ებღაუჭება. შედეგად, მისი სპექტაკლები არააერთგვაროვანი და არაერთნაირია.“

უმეტეს შემთხვევაში თავად წერს პიესას სპექტაკლისთვის. უცხო ავტორების გასცენიურებისას აუცილებლად მიმართავს ტექსტის ადაპტაციას. ის, როგორც დრამატურგი, რამდენჯერმე იყო წარდგენილი პრემია „დურუჯის“ ლაურეატთა შორის და პიესისთვის „კალიგულა“ მიღებული აქვს აღნიშნული პრემია.

რეჟისორი პაატა ციკოლია ფოტო: ლევან (ლეკო) ჭყონია
„ახალ ტექსტზე ვმუშაობ, თუ უკვე არსებულ ტექსტს ვამუშავებ, ფაქტობრივად გავდივარ პირველ და უმნიშვნელოვანეს გზას უზოგადესი ამოცანის გააზრებისკენ და ვადგენ პირველ ფორმალურ სტრუქტურას, რომელიც შემდეგ იქნება საფუძველი სხვა სტრუქტურების შედგენის, ზედ დაშენების პროცესში. ტექსტზე ადრე მხოლოდ კვლევის, ძიების საგანია თემა, რომელიც უნდა გიტაცებდეს, რომ შენი შესაძლებლობების სრულად მობილიზება შეძლო და ინტრიგა იქამდე გაგყვეს, სანამ გზას ბოლომდე არ გაივლი. თუ არ გიტაცებს ის, რაზეც მუშაობ, გაგიჭირდება ამ გზის დასასრულამდე გულწრფელი სვლა და სადღაც აუცილებლად დაიწყებ ტყუილების ლაპარაკს.“

ნებისმიერი ხასიათის შრომა, და განსაკუთრებით მაინც შემოქმედებითი, გარკვეული ტიპის, მყარი მოტივაციის არსებობას საჭიროებს. მუხტს, ძალას, რომელიც კვებავს და ასაზრდოებს შემოქმედს. თუმცა პაატა ციკოლიასთვის კონკრეტული მოტივაციის წყარო, ასე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არსებობს. კონკრეტული ადამიანები, მსახიობები, მეგობრები, თანამოაზრეები, გუნდი, რომელთანაც მუშაობს და თანამშრომლობს ხშირად განსაზღვრავენ მის მოტივაციას, მათთან იდეების გადამოწმება და მათი მხრიდან წახალისება თუ მხარდაჭერა, რეჟისორისთვის მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ძალის მატარებელია. თუმცა არ გამორიცხავს, რომ თავად თემა გაცილებით დიდი მოტივატორია მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქტორი თუ გარემოება.

„თუ თემა არ არის ძირშივე განსაკუთრებით საინტერესო, ვერაფერი გაგაძლიერებს ისე, რომ პროექტის დასრულებამდე გეყოს ვნება. თემაშია ინტერესი.“

მუსიკას მისთვის კონკრეტულ სტილში და კონკრეტულ ლოგიკაში დაბრუნების ინსტრუმენტის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ხშირად ჯერ მუსიკალური ჟანრი იცის და შემდეგ იწყებს ტექსტზე მუშაობას იმ კონკრეტული მუსიკალური ჟანრის მიხედვით.

„ჰოდა, რეპეტიციები, ჰო, რეპეტიციები... რეპეტიცია ყველაფერს წყვეტს. რეპეტიციამ შეიძლება უსაშველოდ გასიამოვნოს და აგავსოს ენერგიით და ან პირიქით, სრულიად დაგაცარიელოს, დაგღალოს და არა მარტო გაგიქროს მოტივი, არამედ სრულიად დაგცალოს რწმენისგან და ყველაფერი გააუფასუროს. ალბათ გადამეტებულად ვაფასებ, მაგრამ ხდება ასეც და ამ და სხვა დემოტივაციური ფაქტორებისგან თავის დაცვა უნდა იცოდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდება.“

ხელოვნება, რომელიც არ ეხება სინამდვილეს, არ არსებობს, რადგან დაკარგული აქვს მთავარი მამოძრავებელი ფუნქცია, რაც სინამდვილის, ლოგიკის, წესრიგის, სიმეტრიის ძიებაა. “თუ ვცდებით ყველა ერთად ვცდებით და ეს შეცდომაა სიცოცხლე და თუ ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ვაგრძელებთ სინამდვილის ილუზიის კვლევას, რომ იქნებ როგორმე ილუზია იქცეს სამყაროდ".

2008 წელს „სამეფო უბნის თეატრში“ დადგმული სპექტაკლით „Skype Me“, რომელიც მთლიანად გაცდა „ტრადიციული“ ფორმით სპექტაკლის დადგმის მეთოდს და გადაიქცა ექსპერმენტად, რეჟისორი დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში და სწორედ ამ რწმენამ გაამძაფრა უკვე მომდევნო დადგმებისადმი გამუდმებით ახალი გამომსახველობითი ფორმების ძიების აუცილებლობა.

პაატა ციკოლიას სპექტაკლებს თუ გადავავლებთ თვალს, არ იქნება რთული აღმოსაჩენი, რომ მისი კვლევის საგანი უმეტს შემთხვევაში ქალის ფსიქოტიპის გაანალიზებაზე დგას და ამ კონკრეტული რაკურსიდან იწყება და იშლება შემდეგ უკვე ძალადობის თემა. ხშირად მის თეატრს სასტიკ თეატრს უწოდებენ და მაინც განსაკუთრებულად ქალების მიმართ სისასტიკეში „ამხელენ“. თავად რეჟისორი კი თვლის, რომ მისი მთავარი თემა ყოველთვის იყო ძალადობა საზოგადოებაში, ოჯახში, კულტურაში. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ შობს უამრავ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია არარაციონალური პიროვნებების, შეუმდგარობის განცდის, შესაძლებლობების შეზღუდვასთან.

„განვითარების შესაძლებლობას მოკლებული, დეპრივაციის პირობაში ზრდის შანსის გარეშე დარჩენილი პოტენციალი, რომელიც რეალიზებას და ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხებს იატაკქვეშეთში, კრიმინალურ ასპარეზში და ისევ ძალადობაში ხედავს.“ თუკი საზოგადოება აღიქვამს, რომ ეს პერვერტი და ფსიქოპათი ქალების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია მისი მხრიდან, არ აქვს სურვილი ამ საკითხზე სერიოზულ პოლემიკაში შესვლის. უბრალოდ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს, რომ „თუ ქალ პერსონაჟებს ვეყრდნობი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათში უკეთ ვხედავ ჩვენი ძალმომრე კულტურის დანაშაულებრივ გავლენას და ალბათ, მათში უფრო მტკივა, რადგან ეს შედეგები უშუალოდ მეხება და მეხება ყოველდღიურობაში და მეხება ყველაზე მტკივნეული მხრიდან.“

სამუელ ბეკეტი იყო პირველი აბსურდისტი ავტორი, რომლის პიესის გასცენიურება პაატა ციკოლიამ რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას რჩევით გადაწყვიტა. თანამედროვეობაშიც ჯერ ისევ აქტუალურია დავა, თუ რამდენად მკაფიოდ ვიაზრებთ აბსურდს, როგორც ლიტერატურას და რამდენად ადეკვატურია სცენური პროდუქტი, რომელსაც ამ მიმართულებით ქმნიან დღეს ქართულ თეატრში. გასული საუკუნის 90-იანების ბოლოდან იწყება ერთგვარი დაინტერესება აბსურდისტული ლიტერატურით, თუმცა პაატა ციკოლიას აზრით, რომ არა ბეკეტზე მუშაობის თითქმის ერთ წლიანი გამოცდილება, მისი შეხედულებაც საკმაოდ ზედაპირული დარჩებოდა ამ ურთულესი ნაწარმოების მიმართ. სწორედ ამ სპექტაკლს უმადლის რეჟისორის ხელობის ორი უმთავრესი ასპექტის სწავლას. ესენია: ტექსტზე მუშაობა და მსახიობთან მუშაობა. „ბეკეტის ტექსტზე მუშაობამ მე შემაყვარა იდეის დისტილირებული, თითქმის მშრალი ენით გამოთქმა. სტილიზაციის ისეთი ხარისხი, როცა სიტყვებს უკიდურესი სიძუნწით იყენებ და ამით ყველა სიტყვას განსაკუთრებული წონა და სიტყვების მნიშვნელობებს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. "მე მქვია ლალი", ჩემი პიესა, რომელმაც დურუჯის ნომინაცია მომიტანა, არ იქნებოდა, რომ არა ჩემი ბეკეტზე მუშაობის გამოცდილება, რადგან დრამატული სტურქტურა და ენის ის სტილი, მისი პოტენციალი, მე მეჩვენება, რომ უბრალოდ არ მეცოდინებოდა, რომ არა ბეკეტის პიესაზე დახარჯული მთელი წელი.“

არდი-fest იყო ძალიან საინტერესო პროექტი, რომელმაც ბევრ ახალგაზრდა შემოქმედს მისცა შესაძლებლობა, გამოევლინა უნარები, დაემკვიდრებინა თავი ქართულ თეატრალურ სივრცეში, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ მარტივად იღებს სიახლეს. ამ პროექტის ფარგლებში პაატა ციკოლიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა სპექტაკლით „LOVE RATS” .

სცენა სპექტაკლიდან LOVE RATS ფოტო: ქეთი ნადიბაიძე

„არდიფესტი იყო ნამდვილი, დინამიური, თავისუფალი, გამომწვევი, წამახალისებელი ასპარეზი. და მე მიმაჩნია, რომ ასპარეზი, გამოწვევა და წახალისება არის გადამწყვეტი ფაქტორები სწავლის ყველა ეტაპზე. არდიფესტი იყო სუფთა ჰაერი, როგორც პრიზის მიღების დროს უნებურად დავარქვი, როცა მიკროფონთან ვიდექი. არსად სხვაგან არ ეძლეოდა ახალ თაობას შეზღუდვის, შიშის და ბარიერების გარეშე გამოეკვლია თავისი შესაძლებლობები, ამბიცია და ინტერესი. მსგავსი პროექტები არის უპირობოდ აუცილებელი ახალი თაობის, ახალი ხერხების, ექსპერიმენტის, ახალი თემატიკის თუ ესთეტიკის ძიების გზაზე.“

ქეთი ნადიბაიძე, მხატვარი, სცენოგრაფი: „ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი სიტყვას გამართლება, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ როცა შრომობ, შედეგი აუცილებლად იქნება. ახლა, თითქმის 8 წლიანი უეთიერთობის, მუშაობის და მეგობრობის მერე, როცა ვიხსენებ ყველაფერი როგორ დაიწყო, სადღაც მაინც ვფიქრობ, რომ გამიმართლა. ძალიან რთულია ჩემთვის, როგორც თეატრის მხატვრისთვის, ასე განყენებულად ვისაუბრო, როგორც მხოლოდ რეჟისორზე, ადამიანზე რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

ყოველი ახალი პროექტი ცხოვრების ახალი ეტაპია, იმ შეგრძნებით, რომ თითქოს რაღაც რევოლუციაში ვებმებით, თითქოს ახლა იწყება ახალი შეგრძნებები და შეხედულებები, ფასაულობების გადაფასება და სხვა გემოვნება, სხვა გამოცდილებები და ტკივილზე შეხორცებული სიყვარული. ახალი თემები, სისასტიკით და სიმართლით, გარემოს თავიდან აღმოჩენით და საკუთარი სამყაროს გაფართოებით. თითქოს თავიდან ვიბადებით და ვვკვდებით. ჩემთვის მასთან მუშაობა ყოველთვის ახალი ნაბიჯია, ნაბიჯი, რის გარეშეც უბრალოდ ვერ გაიზრდები, ვერც ადამიანი და ვერც მხატვარი.“

აბსურდიდან ანტიკურ დრამამდე - „ანტიგონე“. მრავლრიცხოვანი სამსახიობო შემადგენლობა, თამამი ექსპერიმენტებით სავსე გადაწყვეტები და რაკურსი, რომელიც ანტიკურ ეპოქაში შექმნილ კლასიკურ ნაწარმოებს მოარგო რეჟისორმა. სახელმწიფო, რომელიც უგულვებელჰყოფს საკუთარ მოქალაქეს და იქცევა მოძალადედ. ამის პარალელურად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესოა ანტიგონეს პეროსნაჟი, რომელიც თითქოს თავის მოტყუებას ცდილობს გმირის ნიღბის ქვეშ და საკუთარი განსაკუთრებულობის ხიბლი ამძაფრებს მასში წინააღმდეგობის გაწევის ჟინს. ანუ ძალაუფლება, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო სივრცეს და კანონებს ადგენს პიროვნების სრული იგნორირებით და ინდივიდი, რომელიც იბრძვის საკუთარი არსებობის გამართლებისთვის. „არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოა თუ კიდევ უფრო დიდი ინსტიტუცია - კულტურა, რომელიც ძალმომრეობისთვის სივრცეს იძლევა და ამ ძალმომრეობის ლეგიტიმურობის, მისი ბუნებრივობის თუ უალტერნატივობის ილუზიას ქმნის. ძალაუფლებით აღჭურვილი მხარე ჩვენს დროში და ჩვენს გარემოში რეგულარულად და ინტენსიურად და განსაკუთრებული ცინიზმით ეხლება ინდივიდის, პიროვნების, ადამიანის ღირსებას, მის სულიერებას, მის რწმენას.“

სცენა სპექტაკლიდან "ანტიგონე" ფოტო: ბობო მხითარი

დავით დოიაშვილი, რეჟისორი: „მე ვფიქრობ, პაატა არის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორი. მისით პირველად ერთ-ერთ ახალგაზრდულ ფესტივალზე დავინტერესდი და შევთავაზე, დაედგა სპექტაკლი მუსიკისა და დრამის თეატრში. მას შემდეგ ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ. ვთვლი, რომ შესაძლებლობების მხოლოდ ოცი პროცენტი აქვს ჯერ გამოვლენილი და ველი მისგან ახალ და საინტერესო წარმოდგენებს. მეჩვენება, რომ ცოტა მორცხვია და მინდა ვუსურვო გათავისუფლდეს, მეტად ირწმუნოს საკუთარი თავის და ძალების.“

მოგვიანებით, რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრამატურგიიდან, რეჟისორი ინაცვლებს სრულიად განსხვავებულ ჟანრსა და ესთეტიკაში და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დგამს იმ დროისათვის დამწყები დრამატურგის დავით გაბუნიას პიესას „Holland, Holland“. ერთი შეხედვით ბანალური, თუმცა მარად აქტუალურია პრობლემა, რომელსაც პიესა წარმოგვიდგენს. მისი კომიკური ხასიათი და ფოთელი მაყურებლისთვის ზედმიწევნით ორგანული ლექსიკა გახდა ერთგვარი წინაპირობა, რომელმაც სპექტაკლს დიდი წარმატება და პრემია „დურუჯის“ ორი ნომინაცია მოუტანა.

სცენა სპექტაკლიდან - Holland Holland ფოტო: ქეთი ნადიბაიძე

„დათო გაბუნიას პიესაზე მუშაობა ჩემი სურვილი იყო. ჩვენ "ანტიგონეზე" ვიმუშავეთ ერთად. Holland Holland -ზე მუშაობისას მე და დათომ მალევე გამოვნახეთ საერთოდ ენა და საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა ჩვენთვის ყველასთვის - დათოსთვისაც, ჩემთვისაც და ფოთის თეატრისთვისაც. სპექტაკლმა ორი დურუჯი აიღო და რწმენით და ამბიციით ამავსო, რაც მაშინ ძალიან მჭირდებოდა. რეჟისორული გადაწყვეტა და სპექტაკლის ფორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქეთის მხატვრობამ. ნატურალისტური დეკორაციის იდეა მას ეკუთვნოდა და ამან მაშინვე მიბიძგა, მემუშავა თამაშის ნაკლებ თეატრალური და მეტად ყოფითი ფორმის მისაღწევად.“

დავით გაბუნია, დრამატურგი: „მე პირადად პაატასთან სრულებით, რადიკალურად სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მიმუშავია, თან სულ სხვადასხვა ამპლუაში - სოფოკლეთი დაწყებული, საკუთარი ტექსტით დამთავრებული. ყველა პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ფოთის თეატრისთვის დაწერილ პიესას "ჰოლანდ ჰოლანდი", რომელიც სპეციალურად პაატასთვის და მისი მხარდაჭერით/დახმარებით დავწერე. საინტერესოა, რომ ვწერდი იმას, რასაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი, ნატურალისტურად აღწერილ ქალაქ ფოთს, მაგრამ ამ საქმეში მჭირდებოდა დისტანცირება, რაც პაატას საშუალებით მოხერხდა. შედეგად ორივესთვის უჩვეულო ნამუშევარი მივიღეთ, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს.“

რეჟისორისთვის, შეიძლება ითქვას, განვითარების და სიახლის აღმოჩენის ახალია ეტაპი იყო ბათუმის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში განხორციელებული სპექტაკლი „სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი.“ ფრანგი დრამატურგის, მარივოს პიესაზე პაატა ციკოლიამ მისთვის დამახასიათებელი სტილით იმუშავა, ანუ ტექსტის ადაპტაციითა თუ მასში თანამედროვე ელემენტების შეტანით მაქსიმალურად ორგანული და დასსა თუ თეატრის რესურსზე მორგებული პიესა წარუდგინა მაყურებელს. სიახლე ამ პროექტზე მუშაობისას კი იყო თავად მუშაობის პროცესი, რომელიც რეჟისორისა და თანაავტორის, ასევე სპექტაკლის ერთ-ერთი მსახიობის ოთარ ქათამაძის იდეით უშუალოდ, მუშაობის დაწყებამდე ერთგვარი ვორქშოპის ჩატარებას გულისხმობდა მსახიობებთან.

„ვორქშოპით ვიმედოვნებდით რამდენიმე მიზნის მიღწევას - პირველი, მსახიობების ჯგუფის უკეთ გაცნობა და ნაწილობრივ იმის გადაწყვეტაც, რომელი მსახიობი რა ფუნქციით უნდა დატვირთულიყო წარმოდგენაში; მეორე, პიესის თემის დაზუსტება და მსახიობთა ჯგუფთან მიმოხილვის დროს თემის საზღვრების და კონტურების მკაფიოდ მონიშვნა; მესამე, წერის პროცესის წახალისება და ჩვენი, ავტორების მოტივირება, რომ ეს ვორქშოპი ქცეულიყო საჭირო იმპულსად, დაგვეწყო წერაზე ენერგიული მუშაობა; მეოთხე, მსახიობების მიერ თემასთან და მომავალ წარმოდგენასთან ინტერესის და მოლოდინების წინასწარ გაღვივება და მათი მხრიდან პროექტის წარმატებაში მეტი დაინტერესება და პასუხისმგებლობის გრძნობის წახალისება. ეს და ალბათ, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა შესრულდა წინასწარი ვორკშოპების დროს. თემები, რომლებიც შემდეგ უკვე ჯერ ტექსტში და მერე წარმოდგენაში გაიშალა, ფაქტობრივად, ასე თუ ისე უკვე დამუშავებული იყო მსახიობებთან ერთად ვორქშოპების ფარგლებში. ასეთმა მუშაობამ მეც და ოთოსაც მკაფიოდ გვაჩვენა, რომ წინასწარი შეხვედრები და ვორქშოპები ყველას სასიკეთოდ მუშაობს და მას შემდეგ ფაქტობრივად იქცა ჩვენი ერთობლივი (თუ დამოუკიდებლად) მუშაობის აუცილებელ ეტაპად.“

თემა იყო მრავალწახნაგიანი, სამსახიობო შემადგენლობა არაერთგვაროვანი, როგორც ფაქტურით, ისე ინტერესებით და შესაბამისად, გაჩნდა მრავალშრიანი პიესის აუცილებლობა, რაც თავისთავად სცენოგრაფიისგანაც მოითხოვდა, რომ ამდენი იდეა დისონანსის გარეშე, როგორმე ერთ კონტექსტში, ერთ ხასიათში მოთავსებულიყო და ასე გაჩნდა პანკ-კაბარეს სტილი, რომელიც ფორმით იტევდა ყველა ზემოაღნიშნულ იდეას და ერთიანდებოდა ფსევდოცინიკურ მსუბუქ ხასიათში.

სამუელ ბეკეტის მერე პაატა ციკოლია კვლავ უბრუნდება აბსურდის დრამას და ამჯერად უკვე ალბერ კამიუს „კალიგულას“ დგამს ისევ ფოთის თეატრში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ტექსტის არა უბრალოდ ადაპტაციას მიმართა რეჟისორმა, არამედ შექმნა საკუთარი პიესა ოთარ ქათამაძის თანაავტორობით. კამიუს ციკოლიასეულ ინტერპრეტაციაში მე ვხედავ მისი რამდენიმე განსხვავებული ნაშრომის ერთგავრ სინთეზსს. საზოგადოებისა და პიროვნების მუდმივი კონფლიქტი კამიუს „უცხოდან“, გამოსავლის ძიების პროცესი, რომელიც თვითმკვლელობაზე გამარჯვებას და ყოფის აბსურდულობის აღიარებაში საზრისის პოვნას გულისხმობს „სიზიფეს მითიდან“ და მოძალადისა და მსხვერპლის მეტაფორული ამბავი. „კალიგულა“, როგორც თანამედროვე საზოგადოების პორტრეტი, ძალადობის, სიყვარულისა და უსიყვარულობის ანატომია. ჯერ კიდევ დაბადებამდე განწირული ადამიანების დრამა, რომელთაც არავინ ელოდა.

სცენა სპექტაკლიდან - კალიგულა ფოტო: ბობო მხითარი

პაატა ციკოლიას არც ერთი მომდევნო ნამუშევარი წინას არ ჰგავს. ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება ექსპერიმენტისა და ძიების პროცესია. ის, რაც მაყურებელს აუცილებლად დახვდება ყოველ ახალ წარმოდგენაში, არის სიახლე. ფოთის ვ.გუნიას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟსორის ბოლო ნამუშევარი იყო იასმინა რეზას პიესის „ომის ღმერთის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხრამუნა“, რომლის პრემიერა 2015 წელს შედგა. ამ შემთხვევაშიც რეჟისორმა ტექსტის ადაპტირებით შეძლო, პიესა მაქსიმალურად მორგებოდა, როგორც დასისა და თეატრის რესურსს, ისე მაყურებლის აღქმისა და ინტერესის დიაპაზონს. იშვიათად მინახავს ქართულ თეატრში მაყურებელის ისეთი მაღალი ჩართულობა სპექტაკლში, როგორც ეს „ხრამუნას“ შემთხვევაში მოხდა.

„ფრანგული ტექსტის გადმოქართულების ან უფრო სწორედ, გადმოფოთურების გადაწყვეტილებას მსახიობები საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. მე არც ერთ ეტაპზე არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ეს კონკრეტული კომედია ქართულ სინამდვილეში გადმოტანილი სულ სხვა და გაცილებით უფრო საინტერესო კუთხით გაიხსნებოდა. გასაგებიც მეტად იქნებოდა და სასაცილოც. ადაპტაცია (როცა კარგად არის შესრულებული) ცხადია, უზრუნველყოფს პოტენციალს, რომ მოვლენები და ამბავი უკეთ, ასე ვთქვათ, მშობლიურ "ენაზე" გავიგოთ. ადაპტაცია იძლევა უკეთეს ასპარეზს მუშაობისათვის, მეტ ამპლიტუდას იმპროვიზირებისათვის და რაც მთავარია, გაცილებით უფრო მისაღები და გასაგები ხდება მაყურებლისთვის, როცა არ ტოვებ "უთარგმნელ" კონტექსტებს და შინაარსებს ბუნდოვან დისტანციაზე, რაც, რაღაც გაგებით სნობური და სინამდვილეში კი პროვინციული შიშია უცხოური ტექსტის მიმართ და რწმენის დეფიციტია ქართული კონტექსტების პოტენციალის მიმართ.“

მაყურებლის სიმცირე თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ძველი თაობა, რომელიც ძირითადად წარსული შთაბეჭდილებებით მოდის თეატრში, იმედგაცრუებული რჩება თანამედროვე რეჟისორების ექსპერიმენტული მცდელობებით, ხოლო ახალგაზრდა მაყურებელი, რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს ტექნოგენური კულტურით განპირობებული რეალობით, ძალიან რთულად მოსახიბლია. ნებისმიერი რეჟისორისთვის დღეს გამოწვევაა, შეძლო და მაყურებელს დაავიწყო სმარტ მოწყობილობა, რომლითაც სრულიად სამყაროსთან აქვს კონტაქტი, შესთავაზო და თან დაარწმუნო, რომ მართლა გაქვს უნარი და რესურსი უჩვენო, მოასმენინო და აღმოაჩენინო რამე ახალი სცენიდან თუ სცენაზე.

„მაყურებელი გადამწყვეტია. არ არსებობს თეორეტიკოსი ან კრიტიკოსი, რომელიც მისი თანამედროვეობის და მისი დროის ადეკავტური უფრო მეტად იქნება, ვიდრე თავისუფალი და კრიტიკული მაყურებელი და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მაყურებელთა კრებით გაგებას, ერთიანობას დროშიც და სივრცეშიც.

რეჟისორისთვის მაყურებლის რეაქცია, მასთან კომუნიკაცია არის ერთგვარი გადამოწმება, რამდენად გრძნობს ის რეალობას, რამდენად ეხება სინამდვილეს და კონკრეტული ადამიანებისთვის კონკრეტულ დროსა და სივრცეში, რამდენად აქტუალური და ადეკვატურია მისი ნამუშევარი. და მიუხედავად ამისა, თვლის, რომ ის არ ითვალისწინებს და ვერც გაითვალისწინებს მაყურებელს. მაყურებელი ხელოვნების ბუნების განმარტებაშია გათვალისწინებული.

"ასე რომ, მე არ ვითვალისწინებ, სინამდვილეში ვცდილობ შეღწევას და იმედი მაქვს, ის ისევე საინტერესოა მაყურებლისთვის, როგორც ჩემთვის და ან შემოქმედებითი ჯგუფის ყველა მონაწილისთვის. თუმცა, არასწორი იქნება ჩემი აზრი თუ იმას არ ვაღიარებ, რომ მაყურებელს მაინც ვითვალისწინებ, ოღონდ სულ სხვა თვალსაზრისით - როცა ფორმას ვწყვეტ, რადგან მინდა, რომ მივიქციო და შევინარჩუნო ყურადღება და მხოლოდ ის ყურადღება, რომელიც ეყრდნობა ჩემთვის მონათესავე ინტერესებს. ასეთ დროს ფაქტობრივად სულ მაყურებელზე ფიქრობ, ცდილობ ამოხსნა შენი რეაქციის საფუძველში მიმალული სტრუქტურა და გაიაზრო იგივე სტრუქტურა მაყურებელში.“

გასული თეატრალური სეზონის ერთ-ერთი გამორჩეულად რეზონანსული სპექტაკლი იყო „აიიქ“. წარმოდგენა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა და იშვიათად გამახსენდება მაყურებლის მხრიდან სოციალურ ქსელში იმ რაოდენობის აქტივობა, როგორიც ამ სპექტაკლს ჰქონდა. ყველა მომდევნო წარმოდგენის შემდეგ ჩნდებოდა ახალი სტატუსები, სადაც დაუფარავად და ძალიან გულწრფელად საუბრობდენ რიგითი მაყურებლები საკუთარ განცდებსა და აღფრთოვანებაზე. მე ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანისთვის ყველაზე ზუსტი ვექტორი საკუთარი შემოქმედების შესაფასებლად, არის მაყურებლის ასეთი დიდი სურვილი, ღიად გამოხატოს მოწონება და გითხრას, რომ შენ მას შეეხე, შენ იმ სინამდვილეზე ესაუბრე, იმ ტკივილზე ელაპარაკე, რომლითაც ცხოვრობს და ამდენად შენი ხელოვნება არის მისთვის არა უბრალოდ საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანი და იქნებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი. თუმცა პროფესიულ წრეებში არ ყოფილა ასეთი ერთსულოვნება. პაატა ციკოლიას ამ სპექტაკლის მერე უკვე ხმამაღლა და საჯაროდ უწოდეს ეპატაჟური რეჟისორი. ბევრისთვის ქალთმოძულეობასთან, სხვისთვის საკუთარი პერვერსიების, ზედმეტი ფიქრის გარეშე გაზიარებასთან ასოცირებულიც აღმოჩნდა სპექტაკლი „აიიქ“. რეჟისორი თვლის, რომ მან დასახულ მიზანს მიაღწია და შოკი, რომელიც მაყურებელმა მიიღო სპექტაკლით, იყო მთავარი ღერძი ჩანაფიქრის პროცესში. შეფასება, უარყოფითიც და დადებითიც ცალსახად მიანიშნებდა, რომ მაყურებლის უმრავლესობაში უდავოდ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა წარმოდგენა. ვფიქრობ, "აიიქ“ არის სპექტაკლი, რომელიც ძალადობრივ გარემოში გაზრდილი და თან ვერ გაზრდილი, მარადიულ ინფანტებად დარჩენილი ადამიანების სევდაზე გვიყვება. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მანიფესტია, რომელიც პირდაპირ მოგიწოდებს, დაძლიო საკუთარ თავში დანაშაულის განცდა, რომელიც მენტალური კლიშეებითა და დოგმებით სიცოცხლის, არსებობის უფლებას გიზღუდავს, უთხრა უარი საკრალიზებულ ინსტიტუციებს, ირწმუნო საკუთარი ძალის და სურვილის, მოიკრიბო და გეყოს ძალა იბრძოლო და იცხოვრო ისე, როგორც შენ მიგაჩნია მართებულად. ლეგიტიმურად მიიჩნიო არა მეზობლის, მეგობრის, საზოგადოების მიერ აღქმული და დაკანონებული სურვილები და ვალდებულებები, არამედ მხოლოდ შენში არსებული დამოკიდებულება სამყაროსადმი და გადარჩე, გადარჩე ყველაფრის ფასად, რადგან თუ ამ ყველაფრისთვის ძალა არ გეყოფა, დარჩები მარადიული შიშის ქვეშ, რომ ხარ კრიმინალი, დამნაშავე, რომელიც მუდამ დადგენილი ნორმის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ლამობს და ცხადია უწევს დაიმალოს, ან საკუთარი მოძალადე კულტურა და გარემო, რომელმაც გშობა ძველ ტრადიციებში გამოგახვევს, როგორც შალის მძიმე მტვრიან ხალიჩაში და პირდაპირ მდინარეში გიკრავს თავს. თავად რეჟისორი თვლის, რომ ეს სპექტაკლი იყო მცდელობა, აღეწერა გარემო, სადაც ფაქტობრივად ვერ ხერხდება კომუნიკაცია ადამიანებს შორის.

სცენა სპექტაკლიდან "აიიქ" ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

„ფორმას და სტრუქტურას რაც შეეხება, ფაქტობრივად სრულად ვეყრდნობოდით შოკს. შოკის ფუნქცია იყო მაყურებლის სიფხიზლეში დაჭერა, ყურადღების მიტაცება, რომ სულ ყოფილიყო რაციონალური ჭვრეტის პოზიციაში, როგორც დეტექტივი, რომელიც საქმეს იძიებს და რომელსაც ყოველი მოსახვევის იქეთ საფრთხე და შემაძრწუნებელი დანაშაული ელოდება.“

ნანკა კალატოზიშვილი. მსახიობი: ძალიან მომწონს თემები, რომლებსაც ეხება პაატა. ძალიან აქტუალურია და არაკომპრომისული. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ სპექტაკლში მომიწია მასთან მუშაობა და ძალიან მიყვარს ის სპექტაკლი- „აიიქ“. ხანდახან პროტესტის ნიშნად დაუტოვებიათ ამ სპექტაკლიდან მაყურებლებს დარბაზი და სიმართლე გითხრათ, სადღაც მომწონდა კიდეც ასეთ უზრდელობამდე და უტაქტობამდეც რომ შეიძლებოდა მისულიყო მაყურებელი. პაატა მიყვარს იმიტომ, რომ ნამდვილია და მართალი და მასთან მუშაობაც საინტერესოა.“

პაატა ციკოლიას ბოლო ნამუშევარია გასული წლის გაზაფხულზე დადგმული „მონო ტრილოგიაა“. ბათუმის მონო პიესების ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია მცირე ბიუჯეტითა და უამრავი პრობლემით ჯიუტად აგრძელებს არსებობას და აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, დრამატურგებისა თუ მსახიობებისთვის. ეს არის ერთგვარი ასპარეზი, სადაც სრული თავისუფლება ეძლევა შემოქმედს და მსგავსი შეთავაზებებით ნამდვილად რომ არ არიან გათამამებულნი ქართველი რეჟისორები, ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით. ფესტივალი საერთაშორისოა და ამდენად არ მხოლოდ ქართველ თეატრალებს აძლევს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და საერთოს გამონახვის შესაძლებლობას, არამედ მეზობელი ქვეყნების რეჟისორებისა თუ დრამატურგებისთვისაც ქმნის სივრცეს, რომელიც ცალსახად საინტერესოა მათთვის, თუკი უცხოელი მონაწილეების ჩართულობის მიხედვით შევაფასებთ ამ საკითხს.

სწორედ ბათუმის მონო პიესების ფესტივალი აღმოჩნდა ერთგვარი ბიძგი პაატა ციკოლიასთვის, შეექმნა აბსოლუტურად დამოუკიდებელი სცენური პროდუქტი „მონო ტრილოგია“. ფესტივალის ფარგლებში განხორციელებულ ორ დადგმას „წყლის პირას მურყვნის ჭალაში“ (ტექსტის ავტორი მწერალი ლია ლიქოკელი) და საკუთარი პიესის „მე მქვია ლალი“-ს მიხედვით დადგმულ წარმოდგენებს რეჟისორმა ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილის, უკრაინელი დრამატურგის, ნატალია ბლოკის პიესა „ორანჟერეა“ შემატა და სამი სრულიად განსხვავებული ქალის ისტორია გააერთიანა ძალადობრივი გარემოს პრიზმაში. კულტურა, რომელმაც გშობა და რომელიც წესით უნდა ზრუნავდეს და გიცავდეს, თავად არის ყველაზე დიდი მოძალადე. გადარჩენის შანსი ძალადობის ყველაზე შემზარავი ფორმის, მზრუნველობით შენიღბული ძალადობის პირობებში, თითქმის არ არსებობს. როგორც უკვე ითქვა, ეს იყო პრეცედენტი ქართულ თეატრალურ სივრცეში, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა სახის დახმარების გარეშე, შექმნილიყო ღირებული მხატვრული ნამუშევარი და ვთვლი, რომ გარდა ფორმისა და პრობლემის სიმწვავისა, ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სპექტაკლი „მონო ტრილოგია“.

ეკა დემეტრაძე, მსახიობი: მუშაობის პროცესი რთულია, რადგან მასალა, რომელზეც ვმუშაობთ ხოლმე, ყოველთვის საკმაოდ რთული და ემოციურია, შესაბამისად საინტერესოც. მარტივი და სასიამოვნოა იმიტომ, რომ მსახიობს აძლევს თავისუფლებას, საშუალებას, უამრავი რამ მოსინჯოს, აღმოაჩინოს ბევრი ახალი რამ საკუთარ თავსა და მასალაშიც. ამ პროცესის გავლა უკვე ფუფუნებაცაა, იზრდები და ვითარდები. გულწრფელია მსახიობთან და მასალასთან მიმართებაში. მუდმივად ეძებს თემებს, რომლებიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ეძებს თანამოაზრეებს. სწორ და საინტერესო, ახალ სივრცეებს და თავის იდეებს თითქოს უცნაური, თუმცა ჩემი აზრით, ძალიან საინტერსო და ზუსტი ფორმით გამოხატავს. საინტერესოა მის მუდმივ ძიების პროცესში თანამონაწილეობაც, ხანდაახან ცოტა საშიშიც. საშიში, რადგან სითამამეს მოითხოვს, პროფესიულსაც და პიროვნულსაც. მოკლედ მთელი თავგადასავალია. ჩემი აზრით, ეს არის თეატრი, ამისთვის არსებობს თეატრი და ამისთვის მიყვარს თეატრი…და ალბათ პაატასაც.“

სცენა სპექტაკლიდან "მე მქვია ლალი" ფოტო: ქეთი ნადიბაიძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლი „მე მქვია ლალი“ მოხვდა ქართული შოუ-ქეისის რჩეულ სპექტაკლთა ნუსხაში და მიიღო ძალიან საინტერესო და საგულისხმო შეფასება ცნობილი ფრანგი კრიტიკოსის სტეფან ჟილბერისგან: "მე მქვია ლალი" (რომელიც ქართული თეატრის შოუქეისზე ვნახეთ) ჩვენ გვიპირისპირებს პერსონაჟს - ვირტუალურ ქმნილებას. ადამიანის მსგავს რობოტს. ის ქალია. ჩანს, რომ ორ აფეთქებას გადაურჩება და მაინც გამუდმებით ეძახის და ელაპარაკება "გაბრიელს", რომელიც სავარაუდოდ მისი შემქმნელია. ჩანს გარდაუვალი, ფატალური მომავალი. ფუნდამენტური ადამიანური გრძნობები გადაეცემა ჰუმანოიდს და იგრძნობა, რომ მალე ის განადგურდება. უკვე? საბოლოო დასასრული? ეს იყო არტეფაქტთან მშვენიერი შეხვედრის აქტი.”

ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, გვესაუბრა თეატრალური და ზოგადად, დრამატული ხელოვნების მომავალზე, რეჟისორმა თავის შეკავება არჩია. თვლის, რომ აღნიშნული ფორმატი მსგავსი ტიპის საპასუხისმგებლო საკითხების განსახილველად არასაკმარისია, თუმცა მისი განწყობა ვფიქრობ, ოპტიმისტურია. „მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მიმაჩნია დრამატულ და ცოცხალ სასცენო ხელოვნებას არათუ აქვს პერსპექტივა, არამედ, უკეთესი პერსპექტივაც კი აქვს, ვიდრე ერთი შეხდვით შეიძლება გვეგონოს.“

დასასრულს, მინდა ვუსურვო წარმატებები ვისთვის უფსკრულის პირას მოთამაშე და ვისთვის ექპერიმენტების მოყვარულ რეჟისორს, რომელისთვისაც რეჟისორის პროფესია გულისხმობს მუდმივ კომუნიკაციას საკუთარ დროსა და გარემოსთან და წარმოადგენს ამ პროცესის კონტროლს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იყოს აქტუალური დღეს, აქ და ახლა, შექმნას ახალი გამომსახველობითი ფორმები და არ უფრთხის ამ გზაზე არც მარცხს და არც კრიტიკულ შეფასებებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები