ოჯახში ძალადობა

ცოლსა და ცოლის დედაზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

usnews.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცოლისა და ცოლის დედის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ვ.შ.- ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017წლის 3 დეკემბერს ვ.შ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის დედას დ.ბ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მ.ჩ-ს ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია. წაქცევის შედეგად, მ.ჩ-მ თავი დაარტყა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე, ვ.შ-მ ხელი ჰკრა დ.ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ ვ.შ-მ ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ვ.შ.-ს ქმედებით მ.ჩ-მ და დ.ბ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.შ. 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.შ. სრულად  სცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

კომენტარები