ემანუელ მაკრონი

მაკრონი: თურქეთის ოპერაციის სირიაში შეჭრად გარდაქმნა ჩვენთვის პრობლემა იქნება

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მან კომენტარი სირიის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ თურქეთის მიერ წამოწყებულ ოპერაციაზე გააკეთა.

"თუ აღმოჩნდება, რომ ოპერაცია თურქეთის საზღვართან პოტენციური ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ქვეყანაში შეჭრის ოპერაციად გარდაიქმნება, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა გახდება." თქვა მან და თურქეთს მოუწოდა მოკავშირეებთან სამხედრო მოქმედებების კოორდინირებისაკენ.

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალ ილდირიმმა ანკარაში ლიბანის პრემიერმინისტრთან, საად ალ-ჰარირისთან შეხვედრისას მაკრონის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ საფრანგეთი სირიაში მათ ქმედებებს შეჭრად განიხილავს მაშინ საფრანგეთის მოქმედებებიც მსგავსად უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოჭში რუსეთის ორგანიზებით სირიის საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. კონფერენციას სახელწოდებით "სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი", რომელიც ორდღიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა უკანასკნელი გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთ დღეს გასტანა, რუსეთის, თურქეთის, ირანის და ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სირიაში გაეროს საგანგებო დესპანი სტაფან დე მისტურაც ესწრებოდა. შეხვედრაზე სირიის კრიზისის გადაჭრის პოლიტიკური გზები, ქვეყნის სამომავლო სტრუქტურა და ახალი კონსტიტუციის ჩარჩოები განიხილეს.

კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა. მოლაპარაკებებზე დასასწრებად გაემგზავრა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, თუმცა მათ რუსეთში ჩასვლის შემდეგ აეროპორტის დატოვებაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზად ქალქში კონფერენციასთან დაკავშირებით სირიის დროშების შემცველი ბანერების გაკვრა დასახელდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მოლაპარაკებებზე ოპოზიცია თურქულმა მხარემ წარმოადგინა.

სირიაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციების გამო მოლაპარაკებებს ბოიკოტი სირიელმა ქურთებმაც გამოუცხადეს.

კონფერენციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი შედეგები სატელეფონო საუბარისას განიხილეს და დადებითად შეაფასეს.

კომენტარები