სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბოკერია: ჯანელიძის განცხადება საზიანო და უპასუხისმგებლოა, ის უკრაინას შეურაცხყოფს

გიგა ბოკერია
ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ და უპასუხისმგებლო განცხადებებს" აკეთებს. ბოკერია რუსეთის სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის რეპლიკას - "ეს შეთავაზება არ არის" - უკრაინის შეურაცხყოფად აფასებს. საპარლამენტო უმცირესობა მიხეილ ჯანელიძისგან მოითხოვს, მისთვისვე სასურველ დროს პარლამენტში მივიდეს.

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭიროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საერთაშორისო თანამეგობრობის რაც შეიძლება დიდი ყურადღების ქვეშ იყოს. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, აუცილებელია, ეს პრობლემა იყოს ნაწილი იმ პაკეტისა, რა პრეტენზიებსაც თავისუფალი სამყარო უყენებს რუსეთს.

ამის შანსი გაიზარდა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, როცა თავისუფალმა სამყარომ უკეთ დაინახა, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. მაშინ ქართული ოცნების მთავრობამ არათუ არ იმუშავა ამისთვის, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედა" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ახლაც აგრძელებს და საჯაროდ ადასტურებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. 

"ახლა, როცა ჩვენი მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტი საჯაროდ გვთავაზობს მხარდაჭერას და თანამშრომლობას, რომ საქართველოს პრობლემა იქცეს საერთაშორისო სანქციების ნაწილი, იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც, ამ შანსის გამოყენებას ეცადოს ჩვენი მთავრობა, ჩვენ ვისმენთ ერთი შეხედვით უშინაარსო და უაზრო კომენტარს, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად საზიანო, მავნებლურ, უპასუხისმგებლო განცხადებებს და ჩვენი მეგობარი ქვეყნის შეურაცხყოფას ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ - ეს საერთოდ არ არის შეთავაზება.

ისინი აგრძელებენ და საჯაროდ ადასტურებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ჩვენ გვაინტერესებს ამაზე პრემიერის კომენტარი, როგორ აფასებს საკუთარი მინისტრის პოზიციას და რა არის საერთოდ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, ერთხელაც გვითხრას გარკვევით" - განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმითვე, საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს, "საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრას ნებისმიერი დრო, როცა მას სცალია თავის ძალიან დაძაბულ გრაფიკში. მობრძანდეს პარლამენტში და საზოგადოებას განუმარტოს, რატომ დგამს ყოველდღე ჩვენი ხელისუფლება, ხშირად გაუაზრებელ და ამავდროულად მავნებლურ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი უსაფრთხოების შესასუსტებლად".

გიგა ბოკერიას თქმით, მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, "რითი ამართლებს ამ აბსოლუტურად მავნებლურ, სამარცხვინო უპასუხისმგებლო საქციელს".

"ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ჩვენი ინტერესების დასაცავი ნაბიჯის გადადგმას და ჩვენგან არ ისმის რეაქცია. ჩვენგან ისმის მხოლოდ აბსოლუტურად მავნებლური, ქედმაღლური რეაქცია, რომ ეს საერთოდ შეთავაზება არ არის" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 19 იანვარს, კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი ამის შესახებ არაფერი ეწერა. 

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს. 

"ეს ხელს შეუწყობს მეტ ყურადღებას და წაახალისებს ევროპას, გაახანგრძლივოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს კუთხით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კომპონენტები", - თქვა პეტრო პოროშენკომ შეხვედრაზე. 

ამ ეტაპზე მმართველი გუნდის წევრები არ პასუხობენ კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო, შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების მექანიზმს ან რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ეს შეთავაზება არ არის".

კომენტარები