პრეზიდენტი ოცნებას გირგვლიანის შესწორებების ფარგლებში თავის პოზიციას სთავაზობს

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს სთავაზობს, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების, "გირგვლიანის შესწორებების" ფარგლებში, დაითხოვონ სისტემიდან ის ადამიანები, რომლებიც სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. მარგველაშვილის თქმით, სასურველია, თუ "გირგვლიანის შესწორებები" 2012 წელს მიღებულ ამნისტიის კანონს დაეფუძნება. 

"აქტიური განხილვის ფაზაშია შესული საკითხი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ. დღეს, როცა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა ხდება, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან დაგვიცავს. ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე. 

საკანონმდებლო ცვლილებები, სიმბოლური სახელით "გირგვლიანის შესწორებები" ქართულმა ოცნებამ ორშაბათს, 29 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები, თუმცა თქვა, რომ აწესებს შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა". 

ამ ბრიფინგზე მდინარაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა, გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისთვის და ისიც თქვა, რომ "მარგველაშვილი სააკაშვილთან ერთად ტანდემში საუბრობს".

კომენტარები