მუსტაფა ემრე ჩაბუქი

პროკურატურა სასამართლოს ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციას კიდევ ერთხელ სთხოვს

flickr

პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

უწყება აღნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით არის ძებნილი და ის საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მისი დაკავება კი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციისა და „საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მოხდა.

პროკურატურის განცხადებით, ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების თანახმად,  მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას განიხილონ სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ ძებნილ პირთა ექსტრადიციის საკითხები და შემაფერხებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ერთმანეთს გადასცენ ისინი.

"როგორც ცნობილია, საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმისწარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას ხსენებული სტატუსის მინიჭებაზე ეთქვა უარი, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებებით. ამდენად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსტრადიციის შემაფერხებელი ხსენებული გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს", - აცხადებს პროკურატურა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ჯერ საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომაც უთხრა. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციოპატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ 3 თვის ვადით გაახანგრძლივა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ კი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს. 

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. 

კომენტარები