მუსტაფა ემრე ჩაბუქი

ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შესახებ სასამართლო სხდომა 19 თებერვლამდე გადაიდო

cyc.ge

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის სასამართლო განხილვა 19 თებერვლამდე გადაიდო. დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის გამო მიიღო - ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა. სახელმწიფო ბრალდებამ იმის დასადასტურებლად, რომ ემრე ჩაბუქი ნამდვილად არის დაკავშირებული ფეტულა გიულენთან, კომპიუტერული პროგრამა წარმოადგინა. პროკურორის თქმით, ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებს სწორედ ამ პროგრამით ეკონტაქტება. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა. 

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს. აგვისტოში მოსამართლემ ეს ვადა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. 

მანამდე კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ კი ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში ვითარება გაუმჯობესებულია. მინისტრ სუბარის თქმით, ჩაბუქი თურქეთის საპყრობილეში წამებას არ დაექვემდებარება და რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდარტების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და მიუთითებენ, რომ თურქეთის ე.წ სამხედრო გადატრიალების მცდელობის და საგანგებოო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ციხეებში პატიმრების უფლებები მასობრივად ირღვევა. Human Rights Watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის პოლიცია ხშირად მიმართავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას, ემუქრება პატიმრებს გაუპატიურებით, საათების განმავლობაში აიძულებს მუხლებზე დაჩოქილი ყოფნას, ამყოფებს წყლის, საკვებისა და ძილის გარეშე. თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაზე საუბრობს Amnesty International-იც 2016-2017 წლის ანგარიშში. 

ემრე ჩაბუქის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარ​აუდო კავშირის გამო მოითხოვა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სწორედ ფეტოს და მის ლიდერს, ფეტულაგიულენს ადანაშაულებს. 

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ემრე ჩაბუქის დაცვას ცდილობენ და აცხადებენ, რომ საქართველო ვალდებულია, ის თურქეთს არ გადასცეს. მათ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელეს და პრეზიდენტს მიმართეს, გამონაკლისის სახით ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.

კომენტარები