იუსტიციის უმაღლესი საბჭო

NGO-ები იუსტიციის საბჭოს: არ დაუშვათ საბჭოს ფუნქციონირების პარალიზება

პალიტრა

4 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 51 მოქმედი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ მიმდინარე განხილვებს ეხმაურება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საბჭოში მიმდინარე მოვლენები პროცესის სანდოობას საფუძველს უთხრის. საია-ს ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილებაც აძლევს, რამაც, მათი შეფასებით, ტენდენციის სახე მიიღო. 

"აცილების საკითხის განხილვის ყველა შემთხვევაში საბჭოს სხდომა დაიხურა, რის გამოც დაინტერესებულ პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ საბჭოს სამართლებრივი არგუმენტაცია, რამდენად საფუძვლიანი იყო არამოსამართლე წევრის აცილება. თუმცა, თავად ანა დოლიძის მიერ მედიასთან გაკეთებული განმარტებების თანახმად, აცილების საფუძველი მის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე, საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადება გახდა.

მიგვაჩნია, რომ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმის გამო, ანა დოლიძის ჩამოშორება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესისგან აზიანებს მიმდინარე პროცესის ხარისხს, ხელს უშლის საბჭოს წევრს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობის პრობლემას სასამართლო სისტემაში.", - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საბჭოს წევრის აცილების საკითხზე საბჭოს სრული შემადგენლობა მსჯელობს, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. აცილების შესახებ გადაწყვეტილება კი არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარის ნებისმიერ განცხადებას, რომ მის მიმართ საბჭოს წევრი არ იქნება ობიექტური - ის დასაბუთებული უნდა იყოს.

"ანა დოლიძის მიერ გაკეთებული ზოგადი შეფასება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებული პრობლემების და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ვერ ჩაითვლება კონკრეტული მოსამართლის საკითხის გადაწყვეტისაგან ანა დოლიძის ჩამოცილების კანონიერი საფუძველად.

ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი ფართო განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე, ეს პრაქტიკა საბჭოს კრიტიკულ წევრებს აყენებს ძალიან სახიფათო არჩევანის წინაშე - თავი შეიკავონ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისაგან ან ჩამოცილდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს", - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ წუხილს, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მოსამართლე ითხოვს გასაუბრების პროცესის დახურვას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობაზე და ზიანს აყენებს საზოგადოების ნდობას მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ.

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კონკურსში მონაწილე მოსამართლეებს, სასამართლო სისტემის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო, არ დაუშვან საბჭოს ცალკეული წევრების და მთლიანად საბჭოს ფუნქციონირების პარალიზება;

ასევე, არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის ინსტიტუტის იმგვარი გამოყენება, რამაც შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას საბჭოს წევრთა ფუნქციების თავისუფლად შესრულებას და საბჭოში კრიტიკული აზრის გამოხატვას;  

ორგანიზაციების ერთ-ერთი მოთხოვნა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილების თაობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების და მათი დასაბუთების გასაჯაროებაც არის.

კომენტარები