კანონი მაუწყებლის შესახებ

ჯანგირაშვილი კობახიძეს: არ იცავთ ეთიკას და ხართ დესტრუქციული პიროვნება

რუსთავი 2

ირაკლი კობახიძის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა. შეხვედრა  მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც საზოგადოებრივი არხისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. 

"იმედი მაქვს, კენჭისყრის დროს საერთო ჩატში არ მისწერთ დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს", - თქვა ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სხდომის დატოვებამდე ის პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების უარყოფით მხარეებს უხსნიდა. მან სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი წლების განმავლობაში იკლებს, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ჯანგირაშვილის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა. 

კობახიძემ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორს უთხრა, რომ "ლოგიკური რელსებიდან გადავიდა და თავის ეთიკას მიხედოს". ასევე უთხრა, რომ "თუ ასე გაგრძელებას აპირებს, დარბაზიდან გაბრძანდეს". 

"ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ დესტრუქციული, თქვენ არ იცავთ იმ ეთიკას, რომელიც თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე უნდა გქონდეთ. თქვენ არ მაცდით საუბარს, მლანძღავთ მას შემდეგ, რაც ხმა ამოვიღე და არ მაცდით, რომ ბოლომდე მივიყვანო ჩემი სათქმელი. დამამთავრებინეთ, სანამ გავალ და იმედია მანდატური არ გამიყვანს, ხო. თქვენ იქცევით დესტრუქციულად. იმედია კენჭისყრის დროს საერთო ჩატში არ მისწერთ დეპუტატებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს', - თქვა ჯანგირაშვილმა. 

"10-15 წუთი მეძახდა, რომ ვიტყუები, სინამდვილეში ჩვენ მოვუტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები თქვა. წინა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბაზარი წინა წლებში იზრდებოდა, ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, სადაც დასტურდება, რომ იკლებდა 2014 წლის შემდეგ", - თქვა მან სხდომის დატოვების შემდეგ. 

ირაკლი კობახიძეს აგრესიულობაში ადანაშაულებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილიც, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად ასევე დატოვა. 

,,წინასწარი განწყობა იყო, რომ პარლამენტის თავჯდომარე იყო აგრესიული და კატეგორიულად არ იღებდა არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით. თუ ადამიანი მოტივირებულია, რომ გაიგოს სიმართლე, მაშინ უნდა დაფიქრდეს და შეაჯეროს ორივე მხარის პოზიცია. ვფიქრობ, ამ დისკუსიას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ტრიბუნასთან ვხედავდით საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს სავარაუდოდ და არა პარლამენტის თავმჯდომარეს“- თქვა მურადაშვილმა

მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს. მარგველაშვილმა კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს 15 იანვარს დაუბრუნა. 

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები