იარაღზე კონტროლი

ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და მსხვერპლთა სტატისტიკა: საჭიროა თუ არა მეტი კონტროლი

Getty Images

14 თებერვალს აშშ-ში, ფლორიდის შტატის პარკლანდის სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 17 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, კრუზს ერთი წლის წინ ლეგალურად ნაყიდი AR-15 ტიპის ნახევრად-ავტომატური იარაღი ჰქონდა. რამდენიმე საკლასო ოთახში ცეცხლის გახსნის შემდეგ ის სხვა მოსწავლეებს შეერია, სკოლის ტერიტორია დატოვა და დაკავებამდე Subway-ში და McDonald's-ში შესვლაც მოახერხა.გავრცელებული ცნობით FBI-ს მასზე გარკვეული ინფორმაცია თავდასხმამდეც ჰქონდა, რადგან მან Youtube-ის ერთერთ ვიდეოზე შემდეგი კომენტარი დატოვა - "მე პროფესიონალი მკვლელი ვიქნები სკოლაში." იმავე ანგარიშის მიერ იყო დატოვებული სხვა, მსგავსი შინაარსის კომენტარებიც: "მინდა ჩავცხრილო ხალხი ჩემი AR-15-ით"; "ერთ დღესაც პოლიციელს მოვკლავ, ისინი კარგ ხალხს ხოცავენ." FBI-ის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა პირის, ვინც კომენტარი დაწერა სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელი აღმოჩნდა. კრუზი "დისციპლინური მიზეზის" გამო სკოლიდან გარიცხეს. დაკავებისას კრუზს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან დანაშაული აღიარა. ABC News-ის მიხედვით კრუზმა გამომძიებლებს უთხრა, რომ თავში "დემონური" ხმები აქვს და მათ მისცეს ხალხის დახოცვის ინსტრუქციები.

ტრაგედიას იარაღზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე დებატების განახლება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლას ვეგასში სტივენ პედოკის მიერ 58 ადამიანის მოკვლამ მსგავსი დებატების ტალღა გამოიწვია. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დემოკრატი სენატორები Twitter-ზე იარაღზე რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე წერდნენ. იმავე დღეს კანზასის უნივერსიტეტში სროლად 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყანაში სროლის შედეგად დღეში საშუალოდ ერთ ადამიანზე მეტი იღუპება. 2015 წელს სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 369-ს მიაღწია, 2016 წელს 432, ხოლო 2017 წლის არსებული მონაცემებით 346-ს შეადგენს. Gun Violence Archive-ის მიხედვით მასობრივ სროლაში დაღუპულები 2017 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა მხოლოდ 3%-ს შეადგენენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრის მონაცემებით 2001-2013 წლებში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა თვითმკვლელობაზე მოდიოდა. 406,496 შემთხვევიდან მკვლელობა მხოლოდ 153,144 იყო.

Pew Research Center-ის მიერ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით ამერიკელთა 51% იარაღზე კონტროლის გამკაცრებას უჭერს მხარს.

თუმცა, სადავოა არის თუ არა ცეცხლსასროლი იარაღის ქონასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ მკვლელობათა რაოდენობას შორის პირდაპირი კავშირი. Gunpolicy.org-ზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნების მონაცემების შედარებისას ჩანს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რიცხვი 100,000 კაცზე ყველაზე მაღალია, ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია და პირიქით, იმ ქვეყნებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი მოდის, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულთა რიცხვი ბევრად დაბალია.

კომენტარები