კორუფცია კრემლში

რუსი მაგნატის ესკორტის გოგონამ Instagram-ის ვიდეოთი ვიცეპრემიერი კორუფციაში ამხილა

ოლეგ დერიპასკა და სერგეი პრიხოდკო

გოგონამ, რომელიც თავს ნასტია რიბკას (თევზი) უწოდებს და ამბობს, რომ რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას საყვარელი იყო, 2016 წელს Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც ალუმინის მაგნატსა და რუსეთის ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების შესახებ ირკვევა. 

ოლეგ დერიპასკა რუსი მილიარდერია, რომლის ერთერთი ბიზნესპარტნიორი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერიც იყო. დერიპასკას კავშირები აქვს კრემლთანაც. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოდესღაც დერიპასკას დაეხმარა, აშშ-ისგან ვიზა მიეღო. 

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელმა, რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ 8 თებერვალს YouTube-ზე, ქვეყანაში არსებულ კორუფციულ სქემებზე თავისი გამოძიებების ფარგლებში, მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. 

ნავალნი ყვება, რომ მან ნასტია რიბკას Instagram-ის ანგარიში შემთხვევით აღმოაჩინა. მის ანგარიშზე იძებნებოდა არაერთი ფოტო თუ ვიდეო, სადაც ის დერიპასკასთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა, ნავალნის ყურადღება 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულმა 2-მა ვიდეომ მიიპყრო. 

ვიდეოში ჩანს, რომ დერიპასკა თავის იახტაზე იმყოფება და სერგეი პრიხოდკოს ელაპარაკება. რუსი ოლიგარქი მას "სერგეი ალექსეევიჩით" მიმართავს (რუსეთში გავრცელებული მიმართვის ფორმა). 

ამასთან, ნავალნი ამბობს, რომ კერძო გამომძიებლებმა აღმოაჩინეს საჯარო წყაროები, რითიც მტკიცდება, რომ პრიხოდკომ ნამდვილად გაატარა რამდენიმე დღე დერიპასკას იახტაზე და იქ დერიპასკას პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა. 

კიდევ ერთ ვიდეოში კი, ისმის, როგორ უხსნის დერიპასკა პრიხოდკოს, თუ რატომ არის ურთიერთობა ასეთი დაძაბული აშშ-სა და რუსეთს შორის. ის ახსენებს აშშ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც აშშ-ის მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობას მეთვალყურეობდა. 

ამასთან, ნავალნი ნასტია რიბკას წიგნიდან იმ ნაწყვეტებს კითხულობს, სადაც ის სწორედ იახტის მოვლენებს აღწერს დეტალურად. წიგნი ნასტია რიბკამ რუს ოლიგარქთან თავის სავარაუდო ურთიერთობას მიუძღვნა. წიგნში დერიპასკა რუსლანადაა მოხსენიებული, პრიხოდკო კი - მამად:

"მე არ ვიცოდი, ვინ იყო მამა. არც ის, თუ რატომ ეძახიან მას ასე. არავის არცერთხელ მისთვის სახელით არ მიუმართავს. თუმცა, რუსლანი [დერიპასკა] მის წინაშე ყოველთვის თმობს. არასდროს ეკამათება მას. უსმენს და მამა ერთადერთია, ვისზეც რუსლანი არასდროს ხუმრობს. ვინ არის ასეთი? ვისი შეიძლება, ეშინოდეს მილიარდერს? ზუსტად მამა იყო თავდაპირველად მესაზღვრე პოლიციელის ფორმაში. მესაზღვრე პოლიციელი მართავს მილიარდერს? და მილიარდერს ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია, როცა მამა მის ქალს თავხედურად აბამს? რა არის ეს?გაკვირვებული ვარ."

"მამა გემბანიდანვე გაქრა... აი, ასეთი საიდუმლოებით მოცული პიროვნებაა. როგორც ჩანს, მამა მანამდე წაიყვანეს, სანამ იახტა სანაპიროს მიუახლოვდებოდა. როგორც მე მივხვდი, რაღაც უცნაური მიზეზის გამო, მას სანაპიროზეც კი არ შეეძლო რუსლანთან ერთად გამოჩენა."

"რა უნდა გააკეთო იახტაზე და რითი ერთობოდა რუსლანი. უბრალოდ, თევზაობდა? არა. ის იქ მამასთან ერთად იყო. ეს არაფორმალური მოლაპარაკებები იყო რუსლანისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე."

"ის ხელისუფლების რუხი კარდინალია, ჩვენი დროის რიშელიე. ინტერნეტში მის შესახებ თითქმის არ არსებობს ინფორმაცია, თუმცა წერია, რა თანამდებობებს იკავებდა ის ჯერ კიდევ ელცინის პერიოდიდან: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი."

ჩამოთვლილი თანამდებობები ზუსტად ემთხვევა სერგეი პრიხოდკოს ბიოგრაფიას. 

ნახეთ, ნავალნის ვიდეო YouTube-ზე: 

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთმა ქვეყანაში ალექსეი ნავალნის საიტზე წვდომა აკრძალა. ოლიგარქის წარმომადგენელმა კი Associated Press-ს ელექტრონული ფოსტით უპასუხა და თქვა, რომ ეს არის "სკანდელური და ცრუ ინფორმაციაა, რომელიც სენსაციონალიზმითაა ნაკარნახევი".

კომენტარები