აფგან მუხთარლის საქმე

ხოშტარია: ვეთანხმები NGO-ებს, მუხთარლის საქმეზე შეიქმნას საპარლამენტო კომისია

facebook.com/pg/tbilisimayor

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სწორი აქცენტებით მიმართეს პარლამენტს, როცა მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. 

"მუხთარლის საქმე არ არის რომელიმე პარტიის საქმე. ევროპულ საქართველოს ივნისიდან აქვს დარეგისტრირებული მოთხოვნა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს მთლიანად ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. ყველა უნდა გაერთიანდეს და არამხოლოდ ოპოზიცია. უნდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. დღეს ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს საკითხი განვაახლოთ და ბიუროს სესიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განვაახლოთ,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები პარლამენტს მოუწოდებენ, აფგან მუხთარლისსაქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მთავარ პროკურორს კი მიმართავენ, გამოძიების პროცესში ჩართოს საერთაშორისო გამომძიებლები და ექსპერტები და უზრუნველყოს მაქსიმალური ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა. 

ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქმეში რამდენიმე პრობლემაა: 

  • ინსტიტუციური დამოუკიდებლობის;
  • გამოძიების დროს კვალიფიკაციის;
  • დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი;
  • ჯეროვანი გამოძიების პრობლემა;
  • შესაძლო პოლიტიკური ლოიალობის პრობლემა საქმეზე;


ხელმომწერი ორგანიზაციები მთავარ პროკურორს ასევე მოუწოდებენ:

  • თანამშრომლობისთვის შესაბამის ფორმატში, უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების) ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა გამოძიების პროცესში, რისი გამოცდილებაც სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე უწყებას უკვე გააჩნია; 
  • საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს გამოძიების პროგრესისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება;
  • პერიოდულად პროაქტიურად გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.

განცხადებას ხელს სულ 34 ორგანიზაცია აწერს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები