დეა გოშხეთელიანის საქმე

საია: FB პოსტების გამო, დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს

6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის, დეა გოშხეთელიანის, წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

საია-ს ცნობით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზეზად პოლიცია გოშხეთელიანის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტებს ასახელებს, რომელიც ქმრის მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის ყოფილმა მამამთილმა ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა. საია-ს ინფორმაციით, ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ ის სტატუსი გამოიყენა, სადაც დეა წერდა, რომ წლების მანძილზე ყოფილი ქმრის ოჯახის მხრიდან ძალადობას განიცდიდა. სტატუსი ქუთაისის პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. საია-მ ორდერთი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა. 

საია მიიჩნევს, რომ გოშხეთელიანის მიმართ "პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შესაბამო და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებას იღებენ". მათივე განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან თავდაცვის ეფექტიანი მექანიზმები, ის თავად მსხვერპლის მიმართ იყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს. საია-ს განცხადებით, სამართალდამცავებისთვის მიმართვა ქალის მდგომარეობას აუარესებს და მას აიძულებს, უარი თქვას სახელმწიფოში არსებული ძალადობისგან დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე. 

"დეა გოშხეთელიანის საქმეზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ როგორც პოლიცია, ისე სასამართლო შემაკავებელ ორდერს მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ორდერის მიზანია არა კონკრეტული პირებისათვის საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და განცხადებების გავრცელების უპირობო აკრძალვა, არამედ მოძალადისა და მსხვერპლის სწორად იდენტიფიცირება და რეალური, იმწუთიერი და სამომავლო ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვა.პოლიციელთა მიერ გამოცემული და, ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული შემაკავებელი ორდერები, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ორდერის გამოცემა ეფუძნება არა მსხვერპლის ინტერესების დაცვას და მის მიმართ ძალადობის პრევენციის ინტერესს, არამედ საკითხს განიხილავს მისი სიმწვავისა და გენდერული პრობლემატიკის გააზრების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილებებით შემაკავებელი ორდერის ოპერატიული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული ფუნქცია კარგავს თავის მნიშვნელობას, ახდენს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას და ხელს უშლის მას სახელმწიფოში არსებული მექანიზმების ეფექტურად გამოყენებაში. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და ქალებისათვის არსებითი თანასწორობის მიღწევას,"- წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, გრიგოლ ბაკურაძე მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს. 5 იანვარს, პროკურატურის მოთხოვნისდა მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობის ნაცვლად 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 12 იანვარს კი გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გოშხეთელიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

კომენტარები