ენერგეტიკა

შიდა ქართლში 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური აშენდება

0 კომენტარი
ფოტო: syncomedia.com

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი "ჩალიკ ენერჯი" საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. პროექტის ღირებულება $75 მილიონია.

ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ჩალიკ ენერჯის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად "ჩალიკ ენერჯი" 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ "ჩალიკ ენერჯი" საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი.“, - აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.

ქარის ელექტროსადგურის პროექტს "ჩალიკ ენერჯი" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები