Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International-ის კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ

ტაბულა

აფგან მუხთარლის გატაცება, ემრე ჩაბუქის პატიმრობა და ექსტრადირების საფრთხე, ბირჟა მაფიას საქმე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლება, რუსთავი 2-ის საქმე, ახალ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში მოხვდა. 

ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც 159 ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, საქართველოში პირველად გაიმართა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების საქმე საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამოხატულებაა. Amnesty International წერს, რომ მუხთარლის თქმით, ის საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

"ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცველების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის". 

რაც შეეხება ემრე ჩაბუქის საქმეს, ორგანიზაცია წერს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომლის გადაცემაც თურქეთმა ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით მოითხოვა, თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა". 

Amnesty International დაუსჯელობად აფასებს "ბირჟა მაფიის" საქმეს

"ივნისში ჰიპ-ჰოპ დუეტის, "ბირჟა მაფიის" ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული მუსიკოსები ამბობდნენ, რომ სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისთვის, შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროტესტო აქციებს "ბირჟა მაფიის"წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა. მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე ჯერაც არ იყო დასრულებული", - წერია ანგარიშში. 

ორგანიზაციამ დაუსჯელობის ნაწილში ისაუბრა დემურ სტურუას საქმესა და ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის გათავისუფლებაზე. სამტრედიაში მცხოვრებმა 22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის აგვისტოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დაწერა, რომელშიც მიუთითა, რომ პოლიციელი გოდერი თევზაძე ემუქრებოდა. 

"ივნისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილს, სადაც ის პოლიციელს ბრალს ღიად სდებს, ცხედრის ექსპერტიზის შედეგებს, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება, ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს, და სატელეფონო ზარების ამონაწერს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს, პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა". 

Amnesty International სასამართლო სისტემას რუსთავი 2-ის საქმეშიც აკრიტიკებს. 

"2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნება ბრძანა, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, რითიც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის სავარაუდო ჩარევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს და სასამართლო პროცესი უსამართლოდ შეაფასეს. მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა, ვიდრე თავადაც არ განიხილავს საქმეს". 

გადაადგილების თავისუფლება 

ორგანიზაცია წერს, რომ "რუსულმა სამხედრო ძალებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლება შეზღუდეს საზღვრის "არალეგალურად" კვეთის ბრალდებით. საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა". 

რაც შეეხება ლგბტ ადამიანების უფლებებს, Amnesty International ამ კუთხით კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი. "ამით ერთი და იმავე სექსის წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან". 

ორგანიზაცია საუბრობს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც პოლიციამ ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ ორი ლგბტ აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დაკავება გააპროტესტეს. მათი თქმით, ამას პოლიციის მხრიდან მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. აგვისტოში აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც ჯერაც არ არის დასრულებული. 

კომენტარები