აფგან მუხთარლის საქმე

ბაქრაძე: ევროპარლამენტში გვსაყვედურობენ, რატომ არ ვაქტიურობთ მუხთარლის საქმეზე

0 კომენტარი
ფოტო: ნეტგაზეთი

საპარლამენტო უმცირესობა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე ორივე შემთხვევაში გამოსაძიებელია - მონაწილეობდა მასში ხელისუფლება თუ არა.

"ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ევროპარლამენტში, საყვედურებისს მოსმენა მოგვიწია ევროპარლამენტარებისგან - რატომ არ აქტიურობს უფრო მეტად პარლამენტი და ოპოზიცია მუხთარლის საკითხის გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი საყვედურების მოსმენა უწევთ ჩვენს კოლეგებს უმრავლესობიდან, ვინც ამ საკითხზე მუშაობს და კომუნიკაცია აქვთ ჩვენს პარტნიორებთან" - თქვა ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზიანი ნათელია. 

"ვიღაცას სჯერა, რომ მუხთარლი მოიტაცეს ხელისუფლების დაკვეთით, ვიღაცას სჯერა, რომ არა. განვიხილოთ ორივე სცენარი. 1. თუ ამ ქვეყანაში ჟურნალისტს, ადამიანს შუა ქალაქში იტაცებენ და უკანონოდ გადაჰყავთ სხვა სახელმწიფოში. ეს საკითხი ეს არ იმსახურებს გამოძიებას? 2. ვთქვათ, ეს სახელმწიფოს არ გაუკეთებია. კიდევ უარესი. ეს ნიშნავს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დღისით, მზისით, რაღაცა ტიპის ბანდას შეუძლია ადამიანი მოიტაცოს, ტომრით მანქანაში ჩატენოს და ამ ადამიანმა სხვა სახელმწიფოში მოიხსნან ეს ტომარა. ეს არ იმსახურებს გამოძიებას? თუ აქამდე მივიდა სახელმწიფო, რომ თბილისის ცენტრში გაურკვეველი ბანდები იტაცებენ ადამიანებს და სხვა ქვეყანაში გადაჰყავთ, ეს არ არის გამოსაძიებელი?

რომელი სცენარიც არ უნდა განვიხილოთ, ამაში მონაწილეობდა სახელმწიფო, როგორც დაზარალებული ამტკიცებს, თუ ამაში არ მონაწილეობდა - როგორც თქვენ ამტკიცებთ, ფაქტი არის ფაქტი. ამ ფაქტის არგამოძიება ნიშნავს საქართველოს ინტერესის ფუნდამენტურ დაზიანებას, მათ შორის ჩვენი შიდა სტაბილურობის და მომავალი განვითარების თვალსაზრისით" - განაცხადა ბაქრაძემ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აფგან მუხთარლი საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ მუხთარლი ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები