ააფგან მუხთარლის გატაცება

ხოშტარია: ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, უმრავლესობამ მუხთარლის კომისია ჩააგდო

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო. ინიციატივას მხარი ქართული ოცნების მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა - ირინე ფრუიძემ, თამარ ხულორდავამ და ირაკლი შილაშვილმა.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, რუსთავი 2-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება კვირიკაშვილმა მისცა და ეს ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. 

აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 იანვარს მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედება.

კომენტარები