იუსტიციის უმაღლესი საბჭო

თევზაძე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე ლევან თევზაძე დაამტკიცა.

ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, თუმცა მას დატოვებს. 

კენჭისყრაზე მას ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მხარი არ დაუჭირეს. 

თევზაძის დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ და ამას რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოს მოსამართლის ბრალდებებსაც უკავშირებენ. 

საია-ს იურისტი, ეკა ციმაკურიძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კლანურ მმართველობას კიდევ უფრო აძლიერებს. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო აკეთებს იგნორირებას ამ პრობლემების და კიდევ უფრო აძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში იმით, რომ ყოველგვარი პროცედურის, კრიტერიუმების გარეშე ლევან თევზაძეს ნიშნავს პალატის თავმჯდომარედ,“- თქვა ციმაკურიძემ.

„მას შემდეგ რაც ირაკლი შავაძემ ლევან თევზაძე დაასახელა ერთ-ერთ იმ მოსამართლედ, რომელიც ახორციელებს შესაძლო არაჯანსაღ გავლენებს სასამართლოს სიტემის შიგნით, ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ არ უნდა ხდებოდეს მისი გამწესება პალატის თავმჯდომარედ,“- თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

ორი დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მამისეიშვილი არ აძლევდა საშუალებას, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიეღო. 

შავაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ არ აირჩია. მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ მამისეიშვილთან დაპირისპირებაა. 

"სურვილი ჰქონდა, რომ მას მიეღო გადაწყვეტილება და მე უბრალოდ დარბაზში გამომეცხადებინა. ​ჩემთან საუბარშიც და სხვა მოსამართლეებსაც ხშირად ასმენინებდა, რომ ლევან მურუსიძე, ასევე ლევან თევზაძე მისი შვილების ნათლიები იყვნენ, მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მემუქრებოდა, რომ, თუ რამე მასე არ იქნებოდა, როგორც მას უნდოდა, მე ცოდვა დავრჩებოდი იმიტომ, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან", - თქვა შავაძემ რამდენიმე დღის წინ.

კომენტარები