ენერგო-პრო უგულავას: ჩვენგან გამორიცხულია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა

ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორი ვანსა და ხონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი უგულავას ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი და ენერგო-პროს წარმომადგენელი ვანში შალვა ლორთქიფანიძე ამომრჩეველს დაემუქრა. 

მიხეილ ბოცვაძის თქმით, მისი კომპანიის მხრიდან გამორიცხულია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მით უმეტეს ამ ფორმით. 

"ძალიან მარტივ რიცხვებს მოგახსენებთ. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი გადამოწმებები, როგორიც ერთერთი იყო ეს ობიექტი. მხოლოდ ვანში ბოლო 2 თვეში გადამოწმებულია 57 კომერციული აბონენტი, მათ შორის 4-ის შემთხვევაში დაფიქსირდა ხარვეზი. 4-დან 3-მა მოახდინა რეაგირება ხარვეზის გამოსწორებაზე, ხოლო მეოთხე არის ეს ავტოსამრეცხაო, რომლის გამოც თითქოს ასეთ სკანდალში ეხვევა კომპანია. კარგი იყო დავლოდებოდით ჩვენს ინფორმაციას, კარგი იყო გადამოწმებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, გუშინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკური ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება,"- თქვა ენერგო-პროს დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე. 

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მცხოვრებ მამა-შვილს თენგიზ და მირზა ბილთაძეებს დაემუქრა.

"ლორთქიფანიძე მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს აბსოლუტურად უკანონოდ, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დაემუქრა და მიმართა შემდეგი სიტყვებით: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ ეგ თუ არ იცით, 3 000 ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ მოითხოვა, რომ ენერგო-პროს ეს ინფორმაცია ოფიციალურად წერილობით მოეწერა. მათ სამრეცხაო აქვთ და არც მას, არც სხვა მსგავსი ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა ენერგო-პროსგან არ მისვლიათ არც წერილობით და არც სიტყვიერად (მათ შორის, ამ ბატონის საშუალებით). ამავე დროს თვითონ ეს მრიცხველი, რომელიც აყენია ამ სამრეცხაოში, არის ენერგო-პროს დაყენებული,"- ამბობს უგულავა. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ევროკავშირში აკრედიტირებულ ჩეხურ კომპანია ენერგო-პროს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. 

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად: "თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში".

შესაბამისად, შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება.

კომენტარები