საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

რა იდეები ამოძრავებს ზაზა შათირიშვილს, რომელიც საზმაუს საბჭოს წევრობისთვის იბრძვის

0 კომენტარი

"შეუძლებელია, მოხდეს რამე რუსეთის ნების გარეშე" - ამბობს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომენტატორი ზაზა შათირიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის იბრძვის. 

ევროპული საქართველოს წევრის თამარ კაკაბაძის თქმით კი, შათირიშვილის ბორდის წევრობას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მაია ბიგვავა, კომუნიკაციების ეროვნული კომიის თავმჯდომარე კახა ბექაური და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ლობირებენ.

გთავაზობთ საყურადღებო ციტატების ნაწილს ზაზა შათირიშვილის ინტერვიუებიდან

რუსეთზე:

"აი, დავუშვათ, შესაძლებელია თუ არა, რაღაც რუსეთის ნების წინააღმდეგ. მე გეტყვით პირდაპირ - უბრალოდ, შეუძლებელია. აი, როგორც კარგი მოჭადრაკე, ალგორითმის რაღაც ნაწილზე უბრალოდ არც ფიქრობს იმიტომ, რომ შეუძლებელია, ჩვენ რაღატომ ვიფიქროთ, ველოდებით საქართველოს დეზინტეგრაციას. როცა ჩვენი ოპონენტები ოცნებობენ რუსეთის დაშლაზე, უნდა გაიაზრონ ძალიან კარგად, რომ ეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დეზინტეგრაციას"

"ახლა შენ რომ თქვი [მიმართავს ლევან ვასაძეს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი კეთილდღეობა რუსეთის კეთილდღეობაზეა მიბმული], რომ აი, ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთი ინგრეოდა, მაშინ დაიწყო საქართველოს დეზინტეგრაცია. სადაც ჩვენ გვგონია, რომ არსებობს ძალიან დიდი წიანააღმდეგობა, იქ რაღაც პროცესები სინამდვილეში ერთნაირად მიდის... სრულიად 1453 წლის შემდეგ იწყება ეს [ბიზანტიური კულტურის გავლენა] შეუქცევადი პროცესი, რომელიც ისევ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩერდება 1801 წელს [ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია და ოკუპაცია]. მხოლოდ 1801 წელს დაიწყო საქართველოს ე.წ ტერიტორიების შემომატება. ის კულტურა, რომელიც შემოვიდა და ჩაანაცვლა ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია, ვგულისხმობ რუსეთს, თავისი გარკვეული კულტურული ტიპით ძალიან ახლოს დგას ქართულ სულიერებასთან, მოგვწონს თუ არა ეს".

NATO-ზე, აშშ-სა და ევროპაზე: 

"შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური გაგებით, ალიანსებმა, ნატო-მ, უკვე აზრი დაკარგა. ნატო უკვე ანაქრონიზმია. მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო ევროკავშირის. გაუგებარია, რა არის მათი არსებობის ფუნქცია".

"როდესაც ადამიანი დაიყვანება სექსუალობამდე და საქმიანობამდე, ანუ სხვა კოორდინატები აღარ არის, ეს ადამიანი განწირულია, ის არის ერთგანზომილებიანი ადამიანი. ეს უკვე მოხდა, დასავლეთმა ჩაიდინა კოლექტიური თვითმკვლელობა". 

"2008 წელს შეერთებულმა შტატებმა ვერ გაბედა რუსეთთან დაპირისპირება, საქართველოს შემთხვევაში, ეს უკვე [აშშ-ის] ლიდერობის კრიზისია. ეს იყო პირველი სერიოზული მარცხი. ამას მოჰყვა ორი მარცხი: ერთი უკრაინაში და მეორე - სირიაში. ამავე დროს, კასპიის ზღვიდან ცნობილი სტრატეგიული რაკეტების გასროლის შემდეგ სამი მითი დაინგრა ერთდროულად: პირველი, რომ შეერთებული შტატების დაზვერვამ ყველაფერი იცის, მეორე, რომ რუსეთს არ აქვს ტექნოლოგიები და მესამე, რომ თურმე გამარჯვება შეიძლება ატომური იარაღის გარეშეც. აქედან გამომდინარე, კრიზისი აშკარაა". 

ბიძინა ივანიშვილზე:

"ბიძინა ივანიშვილი არის ის იდეალური მდიდარი, რომელიც კეთილი სამარიტელია. შეუძლებელი არაფერია, ხელისუფლებიდან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ღვთის ნებაც ხომ არსებობს. ღვთის ნება არის სწორედ ის, რასაც ადამიანი, როგორც შემთხვევითობას ისე აღიქვამს. სისტემური არის ადამიანური, მაგრამ ღვთის ნება არის ის, რისი ახსნაც ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ასეთი შემთხვევითობაა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, რომლის უკანაც იმ წუთში ხედავენ გარიგებას. არის ისტორიაში მომენტები, რომელსაც ვერ ხსნი. ვთქვათ, რატომ შემოვიდა წმინდა ნინო იმიტომ, რომ ასეთი იყო ღვთის ნება. რატომ დაიწერა "ვეფხისტყაოსანი", რატომ დაწერა გალაკტიონმა "ლურჯა ცხენები", რატომ მოხდა ის, რომ საქართველოში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება". ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, ხშირად ყველაფერს სისტემურად ვხსნით. სადაც არის სისტემა, იქ სიკვდილია იმიტომ, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. სიცოცხლე ყოველთვის მოულოდნელია და ღმერთი არის სწორედ ის, რომელიც იძლევა სიცოცხლის სურვილს. აქედან გამომდინარე, ღმერთი არის იქ, სადაც არის თავისუფლება, არჩევანი, სიცოცხლე, შემთხვევითობა".

"საქართველოსთვის ბიძინა ივანიშვილი იგივეა რაც როკფელერი, ფორდი და ქეითსი ერთად აღებული. თავად ბიძინა ივანიშვილი არის მთელი საქართველოს რეპრეზენტაცია, თავად წარმოადგენს მთელს საქართველოს თავისი დაბადებით, აღზრდით, ცხოვრებით. წარმოადგენს სოფელსაც, ქალაქსაც, ინტელიგენციასაც და ა.შ. ბიძინას აქვს მორალური ავტორიტეტი".

ლიბერალიზმზე:

"თანამედროვე ლიბერალიზმი ბევრად უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. მასში არის ფაშისტური იდეებიც და მარქსისტული, კომუნისტური იდენტობების თემა. დღეს ელარჯივითაა ლიბერალიზმი, ასე იწელება. ყველაფერს მოიცავს თავის თავში, ყველაფერს, რაც არის ანტიადამიანური".

"მეოცე საუკუნეში დაბადებული სამივე უტოპია - ნაცისტური, კომუნისტური და ლიბერალური - ჩამოიშალა! გილოცავთ! - ახლა ბალახს ბალახი ჰქვია, დედას - დედა და მამას - მამა!

ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები ჩვენთან კვლავ არიან, მაგრამ ეს საფრთხე არაა, ამას დრო სჭირდება. უბრალოდ, ჩვენი მარადიული პრობლემა ქართული მოუთმენლობაა. ველი, ამ ყველაფრისგან ჩვენ თვითონ უნდა გავწმინდოთ, ჩვენს ნაცვლად სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. ძალიან სერიოზული საქმე გაკეთდა და ახლა, წმენდა ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ. ოღონდ ამან კულტურული სახე უნდა მიიღოს. ამ დროს, მთავარია, ჩვენი ნაციონალური ინტერესები კარგად ჩამოვაყალიბოთ".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები