კალაძე: თუ აბრებზე ქართულ წარწერას არ გამოიყენებენ, ჯარიმები 5-ჯერ და 10-ჯერ გაიზრდება

თბილისის მერია

დედაქალაქში არსებულ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების არგამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე - 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება. ცვლილებას შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაავალა, შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა პირველ აპრილამდე მიეცეს.

"ჩვენ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. ვიყავით გასულები კონრეტულ ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ეს პრობლემა არსებობს. ზოგადად, ეს პრობლემაა ქალაქში, რადგან არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ, დაჯარიმება დაიწყოთ. პარალელურად, ჩვენ კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 300 ლარით. ჩვენ გვინდა ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

"არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს, ქართულ დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი" - თქვა კალაძემ.

კომენტარები