ღამის ეკონომიკა

უბნების რეგენერაცია და კრეატიული ჯგუფების ცენტრალიზაცია - ინტერვიუ სერგი გვარჯალაძესთან

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაწყვიტა რომ თბილისს სჭირდება უწყება, რომელიც იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ქალაქის უმეტესობას სძინავს. ღამის ეკონომიკის მდგრადობასა და გონივრულ განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე იზრუნებს. გვარჯალაძე მისი ხედვებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ტაბულას ესაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარეუბნებში ღამის ეკონომიკის აღმოცენება და ხელშეწყობა იქნება.

როგორი იქნება ეს სამსახური

გვარჯალაძის თქმით, სამსახური ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა, არაა განსაზღვრული მისი ფორმა, ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა. ასევე უცნობია იქნება თუ არა ის მერიის შემადგენლობაში თუ ცალკე არსებული დამოუკიდებელი ჯგუფის - პროექტის სახით დაიწყებს ოპერირებას.

"რაც პრესაში გავრცელდა ცოტა არასწორია. მე თანამშრომელი არ ვარ მერიის, პროექტის მენეჯერი ვარ ამ შემთხვევაში. ეს ვერ იქნება მერიის სამსახური. ასეთი ტიპის კომისიები არ იქმნება როგორც სამსახურები, ეს უფრო არის პროექტი", - ამბობს გვარჯალაძე.

ჯერ დავთვალოთ

გვარჯალაძის განცხადებით, იმისთვის რათა მისმა პროექტმა სამომავლო გეგმების განსაზღვრა და შედეგების შეფასება შეძლოს, საჭიროა დაითვალოს თუ რა ზომისაა დღეს თბილისის ღამის ეკონომიკა და რამდენ ადამიანს ასაქმებს ის.

"ამ ციფრებს ახლა ვარკვევთ ზუსტად. იმიტომ რომ ეს დატა არ არსებობს. მიმოფანტულია სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია და ამის შეჯერება და გაერთიანება გვინდა. ეს იქნება ჩვენი საწყისი მონაცემთა ბაზა, რომლითაც გავიგებთ თუ სად ვართ დღეს. ამის საფუძველზე მოხდება გეგმების შედგენა თუ როგორ შეგვიძლია გავიზარდოთ არსებული მდგომარეობიდან.

ჩემი პირადი მოსაზრება იყო ღამის ეკონომიკის ტრაფიკის გასაგებად რამდენიმე სხვადასხვა წყარო ავიღოთ. მაგალითად, ვნახოთ რამდენად ინტენსიურად მუშაობს ბანკომატები ღამის საათებში.

შეიძლება მივმართოთ მობილურ ოპერატორებს და ვნახოთ სად აქვთ მომხმარებელთა კონცეტრაციები. ან შეიძლება საგადასახადოს ვთხოვოთ ჩეკის მანქანაში თუ ფიქსირდება თარიღი და საათი ის მოვიძიოთ.

ასევე, ვეძებთ ვინ შეიძლება მოგვაწოდოს ამ კვლევის მეთოდოლოგია. დღეს გვქონდა სწორედ გერმანელებთან ამ თემაზე მიმოწერა,"- ამბობს გვარჯალაძე.

უბნების რეგენერაცია

ღამის ეკონომიკის განვითარება მერიას პირველ რიგში გართობისა და კომერციის არსებული ცენტრებიდან ღამის ეკონომიკის გარეუბნებში, ყოფილ ინდუსტრიულ ზონებში გადატანის პროცესად წარმოუდგენია. სერგი გვარჯალაძის თქმითაც, ეს მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

"თუ ლონდონს ავიღებთ, ან სიდნეის, ბერლინს თუ ვილნიუსს - მთავარი მიმართულება არის ის, რომ არსებული ჰოთსფოთებიდან გავიდეთ გარეთ.

ის თუ რატომ არ არის ათვისებული გარეუბნები, ამას გარკვეული პრეისტორია აქვს. მაგალითად, გლდანი რომ ავიღოთ, მის პროექტში, სამოციან წლებშივე ჩადებული იყო გარკვეული კულტურული აქტივობები და შემდეგ უკვე მთელი ინდუსტრიული ნაგებობები უკვე ჩამოინგრა. ჩვენი მიზანია, რომ შევისწავლოთ ის გამოცდილება, რაც დაგროვდა ქალაქის ცენტრში, რომელიც საკმაოდ წარმატებულია, იქნება ეს ქლაბინგის თემა თუ სარესტორნო ბიზნესის თემა. ჩვენ ამ გამოცდილებას შევისწავლით, მოვძებნით შესაბამის წერტილებს, სადაც შეიძლება დამატებითი განვითარება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მის ზრდას.

შეიძლება იყოს კერძო ნაგებობა, რომელიც უფუნქციოდაა. ვიღაცას აქვს ნაგებობა, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენია რომ იქ რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩვენ შევეცდებით, რომ ნოუ ჰაუ, ანუ გამოცდილება გავუზიაროთ. ვაჩვენოთ მაგალითები თუ რა არის შესაძლებელი კონკრეტული ტიპის შენობიდან გამოვიდეს. და სახელმწიფო საჭიროების მიხედვით მას ინფრასტრუქტურულად დაეხმარება. დავუშვათ გარშემო არაა განვითარებული გზა ან სხვა კომუნიკაციები - ამაში დავეხმარებით. ამას გააკეთებს სახელმწიფო, ჩვენ ამ ფორმატში უფრო მეტად შუამავლისა და ხელშემწყობის ფუნქცია გვექნება,"- ამბობს გვარჯალაძე.

კრეატიული ჯგუფების ცენტრალიზაცია

"ჩვენ კრეატიულ ჯგუფებთან ვითანამშრომლებთ, სწორედ კრეატიული ჯგუფები უნდა გახდნენ ძირითადი გენერატორები ინოვაციური იდეების. ასეთი ჯგუფები არსებობენ, მოფანტულები არიან და ინდივიდუალურად მუშაობენ მცირე გრანტებსაც პოულობენ. მათ ცენტრალიზებასა და ხელშეწყობაზეა საუბარი.

ასევე ჩვენ გვექნება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფუნქცია, ჩვენთვის სწორი კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბოლომდე ვერც ხვდებიან რაზე ვსაუბრობთ. ამის სწორი კომუნიკაცია რასაკვირველია აუცილებელია. რომ გაიგოს საზოგადოებამ რა არის ღამის ეკონომიკა, რას შეიცავს ის."

სახელმწიფოსთან ბიზნესის ადვოკატირება

გვარჯალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკა მეწარმეთა ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდება, ამიტომაც ის სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

"ჩვენ გვინდა რომ შევისწავლოთ კერძო მეწარმეთა პრობლემები. გუშინ საუბარი მქონდა ადამიანთან ვისაც ჰოთდოგების ბიზნესის დაწყება უნდოდა და ჩიოდა სხვადასხვა რამეზე. ჩვენ ასეთ იდეებთან დაკავშირებით დაკავშირებით მივმართავთ მერიას და ვეტყვით თუ რა არის ბიზნესის საჭიროება და რა პრობლემები აქვს მას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან ვინც ბერლინსა და ამსტერდამში იყო ჩართული ღამის ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე კონტაქტის დამყარება გვინდა ვილნიუსში შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან. ვინაიდან ვილნიუსი ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან იმ მიმართულებით რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვინდა ვნახოთ რა იყო მათი სასტარტო პოზიციები და რა შედეგებს მიაღწიეს."

ხმაურის მართვის სტრატეგია

სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ღამის ხმაური ღამის ეკონომიკის თანმდევი ნაწილია, რომლის გონივრულად მართვისთვის გამოყენებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება. გვარჯალაძე გერმანიის მაგალითზე საუბრობს, სადაც სახელმწიფო კლუბებს ხმის იზოლაციის მასალების შესყიდვაში დაეხმარა.

"Noise Pollution-ს ეძახიან ამ თემას, ეს არის პირდაპირ ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი. რაც შევისწავლეთ, მაგალითად ბერლინში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მოხდა, გაუმარტივეს და ნაწილობრივ დააფინანსეს და ტექნოლოგია მიაწოდეს, რომ კლუბებს ხმის იზოლაცია გაეუმჯობესებინათ.

მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალი ტერიტორიების რეგენერაციას ღამის ეკონომიკისთვის, პროექტებში თავიდანვე იქნება ჩადებული გარემოება არის თუ არა მოსახლეობა გარშემო. წინასწარ მოხდება ხმაურის მართვის საკითხის მოგვარება.

ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და ვფიქრობთ როგორ მოგვარდეს, თუნდაც შარდენის ქუჩაზე ეს პრობლემაც კიდევ არსებობს", - ამბობს გვარჯალაძე.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის სპეციალურ ფონდად გარდაქმნის შესაძლებლობა

სერგი გვარჯალაძის განცხადებით, მას მომავალში პროექტის საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამოსვლის და მისი დამოუკიდებელი ფონდის სახით ჩამოყალიბების იმედი აქვს. 

"ადრე თუ გვიან ასეთი პროექტები გადადიან უკვე თვითდაფინანსებაზე. ფონდის სახეს იღებენ ხშირად. თუმცა ამ მდგომარეობამდე საკმაოდ შორს ვართ."
 

კომენტარები