ღამის ეკონომიკა

კალაძე: თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი იმართება, დედაქალაქში ღამის მერები ჩამოვლენ

telasi.ge

თბილისის მერის ინფორმაციით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. კახა კალაძის თქმით, თბილისს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ეწვევიან. ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

"პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ფორუმის დღეებში ერთვებიან. აღნიშნული ღონისძიება ჩვენს დედაქალაქში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ თბილისს სჭირდება უწყება, რომელიც იზრუნებს ეკონომიკის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ქალაქის უმეტესობას სძინავს. ღამის ეკონომიკის მდგრადობასა და გონივრულ განვითარებაზე სერგი გვარჯალაძე ზრუნავს. მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარეუბნებში ღამის ეკონომიკის აღმოცენება და ხელშეწყობა იქნება.

ღამის ეკონომიკის ფარგლებში, ჯერჯერობით, ღამის ავტობუსების საპილოტე პროექტი ამოქმედდა. კერძოდ, 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტრო ახმეტელის თეატრიდან ვარკეთილამდე ავტობუსი მოძრაობს.

კომენტარები