არჩილ ტატუნაშვილის საქმე

აბაშიძე МИД-ის პასუხზე: განცხადებას მშვიდად გავეცნობით, სასწრაფო არაფერია

0 კომენტარი
ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წერილზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხს ქართული მხარე "მშვიდად გაეცნობა" და შემდეგ გააკეთებს კომენტარს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას გააკეთა. 

"ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, დროა საჭირო. განცხადებას მშვიდად გავეცნობით, სასწრაფო არაფერია. ვისაც ეს ეხება, განცხადებას ყველა გაეცნობა და ჩვენი პოზიცია ხვალისთვის ჩამოყალიბდება. ჯერ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, განცხადებას ეს ესაა გავეცანით. რაღაცის გააზრებაა საჭირო და ჩვენი სათქმელი მზად ხვალისთვის გვექნება. ისეთი სასწრაფო არ არის, რომ პასუხი მაინც და მაინც დღეს მივცეთ. განცხადებას წყნარად, მშვიდად გავეცნობით და ოფიციალური პასუხი ალბათ ხვალ იქნება." - ამბობს აბაშიძე. 

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას დღეს უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას წერილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით 9 მარტს გაუგზავნა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კვირიკაშვილის წერილს ყურადღებით გაეცნენ და ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ პრემიერის მზაობასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც მათი თქმით, წერილიდან იკვეთებოდა. 

9 მარტს გაგზავნილ წერილში გიოორგი კვირიკაშვილი წერდა, რომ მიუხედავად რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. პრემიერი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ტატუნაშვილის ცხედარის გამოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად "დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით", ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა.

ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულების შემდეგ, გუშნდელ დღემდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 

ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები