საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

გუდაურში საბაგირო ოთხი დღის წინაც გაითიშა

snow.ge

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ოთხი დღის წინაც გაითიშა.

მთის კურორტების განვითარების სააგენტოში ამ ინფორმაციას ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახური ტაბულასთან განმარტავს, რომ ამის მიზეზი დენის კაბელის დაზიანება იყო და ეს დღევანდელ ფაქტთან კავშირში არ არის.

"ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში არ არის. ის შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა, მთელს გუდაურში თითქმის არც ერთი საბაგირო არ მუშაობდა და ეს იყო დენის კაბელის დაზიანების გამო. არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ [მაშინაც] უკუღმა დატრიალდა. ეს საერთოდ სხვა შემთხვეაა, რომელზეც ექსპერტების გარდა, ვერავინ იტყვის ზუსტ მიზეზს. მაშინ ვიცოდით, რომ დენის პრობლემა იყო, კაბელი იყო დაზიანებული და მაგიტომ იყო გამორთული საბაგიროები. ეტაპობრივად, რამდენიმე იყო ჩართული, მერე ითიშებოდა, შემდეგ სხვა საბაგიროები ირთვებოდა და ა.შ. ახლა ყველა საბაგიროს ჰქონდა ელექტროენერგია, გარდა საძელისა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შაბათს შეწყდა და ორშაბათს ყველაფერი მწყობრში იყო.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან დღეს გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, დაშავებულებს დახმარებას უწევენ და საავადმყოფოში გადაჰყავთ. 7 დაშავებული სხვადასხვა დაზიანებით უკვე გადაყვანილია ამბულატორიებსა დასხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში", - განაცხადა შსს-მ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში 8 ადამიანი შეიყვანეს. დავით სერგეენკოს თქმით, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ორის, რომლებიც უკრაინის და შვედეთის მოქალაქეების არიან, არის საყურადღებო. ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ერთი პაციენტი უკვე გაეწერა.

კომენტარები