იან კელი

იან კელი ამერიკული კომპანიების Philip Morris-ისა და GAA-ს დაჯარიმებაზე საუბრობს

0 კომენტარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ქართული სასამართლოს მიერ ამერიკული კომპანიების დაჯარიმების საქმეებზე ისაუბრა. კელის თქმით, საქართველომ ინვესტორთა დაცულობა უნდა გაზარდოს. კელიმ ასევე ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობასა და მის შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა.

"ჩვენ უნდა გავზარდოთ ამერიკასა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობა, ასევე საქართველოში უნდა გაიზარდოს ინვესტიციები. ამის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ ამერიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობა დაბალია. ამის გამოსწორება შესაძლებელია ვაშინგტონში თქვენი აქტიური წარმომადგენლობის მეშვეობით და თქვენ სწორედ ასეთი ელჩი გყავთ ამერიკაში. საქართველომ უნდა გააკეთოს მეტი, რათა ამერიკელებმა გაიგონ, რომ თქვენი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა. მე არა მგონია, რომ ბევრმა ამერიკელმა იცის ამის შესახებ.

თქვენ ასევე უნდა გაზარდოთ ინვესტორების კომფორტის დონე, უნდა იცოდნენ რომ მათი ინვესტიციები დაცულია. ამ საკითხზე მე საქართველოს პრემიერმინისტრთანაც მქონდა საუბარი. არსებობს აზრი, რომ საქართველოს სასამართლოები სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის არსებულ დავებში გადაწყვეტილების მიღების დროს ბოლომდე მიუკერძოებლები არ არიან. პრემიერმინისტრი ამ გარემოების არსებობას ცნობს და ის ცდილობს რომ დააჩქაროს სასამართლოს კომერციული პალატის ჩამოყალიბება ისეთი მოსამართლეებით, რომელთაც ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით.

იყო პრობლემები, საუბარი მაქვს Philip Morris-ისა და Georgian American Alloys-ის (ჯორჯიან მანგანეზის) საქმეებზე. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა კვალიფიკაცია, რომ მოსამართლეები ბოლომდე ვერ იგებდნენ საქმის სრულ დეტალებს. მე ვფიქრობ რომ პრობლემაა ის, რომ მოსამართლეები უმეტესად სახელმწიფოს არგუმენტებს უცხოური ბიზნესის არგუმენტებზე სარწმუნოდ თვლიან. თუკი შეიქმნება კომერციული დავების განმხილველი სასამართლო სისტემა, რომელიც ბიზნესს შორის დავებს პროფესიონალურად და მიუკერძოებლად გადაწყვეტს, მე ვფიქრობ რომ ეს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე დადებითად აისახება და მეტ ინვესტიციას მოიზიდავთ.

ჩემს მოვალეობებს შორისაა საქართველოში ამერიკული ბიზნესის ადვოკატირება. სწორედ ამ საქმეებზე, სადაც კომპანიებს სახელმწიფო დიდი მოცულობის საგადასახადო დავალიანებასა და დიდი ზომის ჯარიმებზე ედავებოდა, ჩვენ მათ გავუწიეთ ადვოკატირება. ეს შედის ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებშიც, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში, მაგრამ თუ ისინი ახალ ამბებში წაიკითხავენ, რომ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში სადამსჯელო გადასახადებს უწესებენ, ისინი სხვა ქვეყნისკენ გაიხედავენ და ეს თქვენს ინტერესებში არ შედის. თქვენ უნდა გინდოდეთ რომ ხალხმა შეხედოს საქართველოს და მათ იცოდნენ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივესთან ერთად არის ადგილი, სადაც ინვესტიციები დაცულია/უსაფრთოხდაა.

სწორედ ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრი სწორ გზას ადგას, რომ ქვეყანაში სპეციალური კომერციული დავების განმხილველი სასამართლო სისტემა იქმნება", - ამბობს დიპლომატი.

ორივე დავა, რომელზეც იან კელი საუბრობს უკვე მოგვარებულია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდ Philip Morris-ზე დაკისრებული 93-მილიონიანი ჯარიმა დაუსაბუთებლად ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი "ჯორჯიან მანგანეზზე" დაკისრებული 200-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა.

სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე საქმეებში არსებულ ხარვეზებზე სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ბიზნესასოციაციები საუბრობდნენ. 

2017 წლის 9 დეკემბერს Philip Morris-ისა და Georgian American Alloys-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა. რასელმა საკუთარ გამოსვლაში ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები კორუფციას დაუკავშირა.

2017 წლსი 8 ივნისს ამ საქმეებზე განცხადება გააკეთა USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწემ თომას მელიამ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები