Tinder

მეგობარი ბიჭის მობილურში Tinder-ის პოვნის შემდეგ, ქალმა ის სამურაის ხმლით დაჭრა

ამერიკული მედიის ცნობით, 3 მარტს, აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ კამასში, 30 წლის ემილი ხავიერმა ეჭვიანობის ნიადაგზე სამურაის ხმლით თავისი მეგობარი ბიჭი, 29 წლის ალექს ლაველი დაჭრა. 

ადგილობრივი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ხავიერი ამტკიცებდა, რომ მის ვიდეო-თამაშების მოყვარულ მეგობარ ბიჭს საყვარელი ჰყავდა, რასაც იმ ამტკიცებდა ლაველის მობილურში აღმოჩენილი გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის აღმოჩენით, ასევე, მამაკაცის ზურგზე აღმოჩენილი ნაკაწრებითა და საერთო სააბაზანოში აღმოჩენილი წითელი თმის ღერით - მას კი თმა მწვანედ აქვს შეღებული. 

პოლიციისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2-წლიანმა ურთიერთობამ დაძაბულობის პიკს 2 მარტს მიაღწია, როდესაც ემილი ხავიერის მტკიცებით, მისი მეგობარი ბიჭი სახლში მივიდა, მას კი ყურადღება არ მიაქცია. ხავიერს ლაველთან თავისი ეჭვიანობის საფუძვლები მანამდე არცერთხელ გაუმხელია, თუმცა ერთი დღით ადრე მან მოლში სამურაის ხმალი შეიძინა. 

ემილი ხავიერი ყვება, რომ მას სურდა, მაშინვე მოეკლა მეგობარი მამაკაცი, თუმცა გადაწყვიტა, დალოდებოდა, როდის ჩაეძინებოდა მას. ჩაძინებამდე კი სამურაის ხმალი, ორ დანასთან ერთად, საწოლის გვერდით შეინახა. ამასთან, მან პოლიციასთან აღიარა, რომ ლაველის მობილური დამალა, რათა მას დახმარების სათხოვნელად ვერსად დაერეკა. როცა როგორც იქნა ალექს ლაველმა დაიძინა, ემილი ხავიერი თავის სამურაის ხმალს გადაწვდა. გამომდინარე იქიდან, რომ ოთახში სიბნელე იყო, მან მობილურის ეკრანი გაანათა, რის ფონზეც, რამდენჯერმე მოიქნია ხმალი. ლაველს, სავარაუდოდ, თვითგადარჩენის ინსტინქტით, დროულად გამოეღვიძა. 

ალექს ლაველი Oregonian-ისთვის საავადმყოფოდან მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ ის ხედავდა ზიზღს თავისი მეგობარი ქალის თვალებში. 

"ვხედავდი მის მზერას და ამან ძალიან შემაშინა. ვუთხარი, რომ მიყვარდა, ის კი მკლავდა. თუკი პოლიციას არ დაურეკავდა, მოვკვდებოდი", - იხსენებს ლაველი. 

დაზარალებული ყვება, რომ თხოვნამ ემილი ხავიერზე გაჭრა. მან ხმალი გადადო და პოლიციას დაურეკა, რომელსაც უთხრა, რომ მეგობარი ბიჭი დაჭრა და ის, სავარაუდოდ, მოკვდა. 

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მისულებმა 29 წლის ალექს ლაველი ერთიანად გასისხლიანებულ ოთახში იპოვეს. მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, ლაველის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა მან კინაღამ დაკარგა თავისი საჩვენებელი, შუა და არათითები. 

Columbian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლაველი უარყოფს, რომ ის ემილი ხავიერს ღალატობდა. 

"მე ჩემს მეგობარ გოგოსთან გასატარებელ დროს ძლივს ვპოულობდი, კი არა კიდევ ერთი რომ დამემატებინა. ამას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა არ მიკვირს, რომ ასე მოხდა. მას არ სურდა, რომ ჩემი თავი ვინმესთვის გაენაწილებინა, ასე რომ - სამურაის ხმალი,"- ამბობს ლაველი. 

ექიმებმა მისი თითების გადარჩენა მოახერხეს. ის ასევე დაჭრილი იყო ტერფში, ფეხებში, წელში, კისერსა და თავში, მარცხენა მხარი კი გიფსში აქვს მოთავსებული. 

თავად ლაველი ძალიან ამაყია იმით, რომ მეგობარი გოგოს მოგერიება შეძლო და ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა რაღაც მსგავს თავგადასავალზე.

"ძალიან ამაყი ვიყავი, რომ შევძელი ამ მინდა-ვიყო-სამურაი, შეშლილი ქალის მოგერიება, რომელსაც გულში ზიზღი ჰქონდა. მთელი ცხოვრების მანძილზე ვემზადებოდი რაღაც მსგავსისთვის. გრძნობა, რომელიც დამეუფლა, როცა შიშველი ხელებით მისი დამარცხება შევძელი, აბსოლუტურად ყველაზე მაგარი გრძნობა იყო, რომელიც ოდესმე მქონია. მითამაშია ყველა სახის სპორტი, მომიგია დიდი თამაშები, გამიკეთებია წარმოუდგენელი მანევრები სასრიალო თხილამურებით. ეს უფრო მაგარი იყო,"- ამბობს ლაველი საავადმყოფოდან მიცემულ ინტერვიუში. 

ემილი ხავიერი ბრალს აღიარებს და ის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის საპატიმროში იმყოფება. Washington Post-ი ეცადა დაკავშირებოდა მის ადვოკატს, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ადვოკატმა კომენტარის გაცემა არ ისურვა. 

კომენტარები