ზვიად დევდარიანი

CIDA-ს ხელმძღვანელს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ქალთა მოძრაობამ ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელ, ზვიად დევდარიანს ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მოძრაობა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად გუშინ, 16 მარტს დაასახელა.

მოძრაობა ამბობს, რომ დევდარიანი ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს. მათი თქმით, ის ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა, რაც ორმაგი სტანდარტია. 

"ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროების შეჩერება.

ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა.

გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს", - აცხადებს მოძრაობა. 

მოძრაობამ საქართველოს პარლამენტსაც მოუწოდა, არ დაუჭიროს მხარი დევდარიანის კანდიდატურას, ასევე მიმართეს ომბუდსმენს, მოეხსნა დევდარიანი საზმაუს საბჭოს წევრობიდან.

თავის მხრივ, ზვიად დევდარიანმა მოძრაობის წევრები ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა. მან განცხადება გაავრცელა, რომლითაც აღნიშნა, რომ საბჭოს წევრობის კანდიდატურას თავად მოხსნის. 

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.

ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან", - ამბობს ზვიად დევდარიანი. 

კომენტარი გააკეთა ომბუდსმენმაც და აღნიშნა, რომ დევდარიანის მიმართ ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დადასტურებული არ არის, მისი კანდიდატურის მოხსნას საჭიროდ მიიჩნევს. 

კომენტარები