ზვიად დევდარიანი

ლომჯარია: დევდარიანის მოთხოვნა რეკომენდაციის გასაჩივრების მექანიზმზე გაუგებარია

ნინო ლომჯარია
ტაბულა

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ზვიად დევდარიანის მოთხოვნა, არსებობდეს ომბუდსმენის რეკომენდაციის გასაჩივრების მექანიზმი, გაუგებარია. 

მისი თქმით, რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ამასთან, ეს სახალხო დამცველის ექსკლუზიური მანდატია და სასამართლო ამაში ვერ ჩაერევა. 

"სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციებს. ისინი არ არის სავალდებულო ხასიათის, ჩვენ არ გვაქვს აღსრულების მექანიზმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კერძო პირების მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი - კერძო პირების მიმართ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმი სახალხო დამცველს არ აქვს. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ის მოთხოვნა, რომ მისი გასაჩივრების მექანიზმიც არსებობდეს. სახალხო დამცველის ექსკლუზიური მანდატი და უფლებამოსილებაა, გასცეს რეკომენდაცია, სასამართლო სახალხო დამცველის ექსკლუზიურ მანდატში და გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა და ვერ მიუთითებს, როგორი რეკომენდაცია გასცეს ომბუდსმენმა"- თქვა ლომჯარიამ

მისივე თქმით, დევდარიანის სარჩელს ტექნიკური ხარვეზიც აქვს.  

"ამ სარჩელს აქვს ხარვეზი, არასწორ მუხლზე კეთდება მითითება, კერძოდ, სარჩელი საუბრობს იმ მუხლზე, რომელიც ეხება სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებით და ეს რეკომენდაცია კერძო პირთან დაკავშირებით. ამიტომ, სარჩელი ტექნიკურად ხარვეზიანია",- ამბობს ლომჯარია. 

დევდარიანის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის მხრიდან სამი ქალის სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადასტურა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ზვიად დევდარიანი ითხოვს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში გაუქმდეს ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ შეიძლება. სარჩელის მიხედვით, კანონის ეს ნორმა არაკონსტიტუციურია.

"სადავო ნორმის დისპოზიცია მოსარჩელეს უკრძალავს სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივროს სახალხო დამცველის მიერ მის წინააღმდეგ კანონის დარღვევით გამოცემული რეკომენდაცია (იხ. რეკომენდაცია N13/13851 01/11/2018), რომელიც შეეხება სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის ფაქტს. რომ არ არსებობდეს სადავო ნორმა მოსარჩელე შეძლებდა მის მიმართ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრებას ადმინისტრაციული წესით", - აღნიშნულია დევდარიანის სარჩელში.

მას მიაჩნია, რომ კანონის ეს ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის არღვევს, რომლის მიხედვით "ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს".

"ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დოკუმენტთან რომელსაც პირდაპირ შეუძლია მოსარჩელე ზვიად დევდარიანის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენა. ამასთან, სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართლოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება", - აღნიშნულია სარჩელში.

ზვიად დევდარიანის წარმომადგენლები ლადო რაფავა და დიმიტრი გაბუნია არიან, რომელიც უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია. დევდარიანმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ დეკემბერს მიმართა. უცნობია, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში. გამწესრიგებელი სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ზვიად დევდარიანის საქმე

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. 22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობდა. 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა. 3 აპრილს მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები