ზვიად დევდარიანი

ომბუდსმენი: დევდარიანის მხრიდან ქალთა შესაძლო შევიწროების შესახებ არაფერი ვიცოდი

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ორგანიზაცია CIDA-ს ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა და ამის შესახებ მხოლოდ ქალთა მოძრაობის განცხადების შემდეგ შეიტყო.

ნინო ლომჯარია ზვიად დევდარიანის შესახებ ქალთა მოძრაობის განცხადებას გამოეხმაურა - სწორედ მოძრაობის წევრებმა დაადანაშაულეს CIDA-ს ხელმძღვანელი 10 ქალის სექსუალურ შევიწროებაში. სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დევდარიანის მიმართ ბრალდებები სამართლებრივად დადასტურებული არ არის, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობიდან დევდარიანის კანდიდატურის მოხსნას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის დროს, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო. ლომჯარიამ თქვა, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო დამცველისთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. ბრალდებებში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები. აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს დაეცვათ საკუთარი უფლებები და განმეორებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია. ამასთან, სახალხო დამცველის აცხადებს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს მხარეებს და მისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა", - აცხადებს ომბუდსმენი.

ქალთა მოძრაობამ ზვიად დევდარიანი 10-მდე ქალის შევიწროებაში დღეს დილით დაადანაშაულა. მოგვიანებით მათ დევდარიანმა უპასუხა და თქვა, რომ ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია.

კომენტარები