რუსთავი 2

ოთხი არასამთავრობო გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას მიესალმება

არასამთავრობო ორგანიზაციები

*განახლება: მას შემდეგ, რაც ISFED-მა ხელმოწერა უკან წაიღო, განცხადებიდან ერთი აბზაცი ამოიღეს.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ქართული მარშის წევრების თავდასხმა.

ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას „ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე.”

„სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საზოგადოება და ბანკები.

განცხადებას თავდაპირველად ხელს აწერდა სამართლიანი არჩევნებიც (ISFED), მაგრამ მოგვიანებით ორგანიზაციამ ხელმოწერა უკან წაიღო, რადგან არ ეთანხმება განცხადების იმ ნაწილს, სადაც არასამთავრობოები რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

 

კომენტარები