სითი პარკი

კალაძე: სითი პარკი ცდილობს, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს

თბილისის მერია

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ კომპანია სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა. თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ სითი პარკი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას ცდილობს.

"სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა სითი პარკის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი  მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 10 აპრილამდე კომპანია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო 10 აპრილიდან, დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. მივესალმებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ისრაელის კომპანიებისთვის მერიის კარი ყოველთვის ღიაა. მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ და ზოგადად, ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სითი პარკის თანამშრომლების საკითხზეც ისაუბრა. კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, რომ კომპანიის 120-მა თანამშრომელმა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაგრძოს.

"ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, რომ სითი პარკის 120 თანამშრომლის გამოცდილება გამოვიყენოთ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადმოვიყვანოთ. ეს ადამიანები მათი კომპანიის ქმედებების გამო არ უნდა დაზარალდნენ. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს.

ცნობისთვის, სითი პარკი თბილისის მერიას მოუწოდებს, არ გააუქმოს ხელშეკრულება იქამდე, ვიდრე სასამართლოში კონკრეტული დავები არ დასრულდება. კომპანიის იურისტებმა განცხადებით მერიას უკვე მიმართეს. მათი თქმით, შენიშვნები, რომლის საფუძველზეც მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, სასამართლოშია გადაგზავნილი.

კომენტარები