პაპუნა უგრეხელიძის საქმე

პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა

საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ უგრეხელიძე ფეისბუქზე დაწერა. საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ თანამშრომელს შანტაჟში ადანაშაულებს და ასევე, ღიად წერს მის ვინაობას. ტაბულა პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას ამ სახელებისა და გვარების გარეშე ავრცელებს.

"სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის [...] მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან "შევიწროვების" მსხვერპლი. 

ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ მისი მეუღლე (ნაციონალური მოძრაობის წევრის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა. როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვ. მის შესახებ დასკვნა იხილეთ აქ. https://bit.ly/2Gw7doN

შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, ჩემი მხრიდან "შევიწროვების" ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მეუღლის გათავისუფლების გამო მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა. აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე", - წერს უგრეხელიძე.

მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა სხვა ყოფილი თანამშრომლები "ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში" გამოიყენა.

"ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა "სიტყვიერი ძალადობის" არარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ის კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროვების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა", - წერს პაპუნა უგრეხელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლა უფრო მაღალი ანაზღაურების გამო ისურვა და მან რეკომენდაციაც გაუწია.

"მან რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა "შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს", არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე", - ამბობს უგრეხელიძე.

აღსანიშნავია, რომ ახალ სამხახურში რეკომენდაციის გაწევას არ უარყოფს არც საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი. სახალხო დამცველის დასკვნაში წერია: "განმცხადებელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უგრეხელიძე მას სთხოვდა არ დაეტოვებინა სამსახური, მან გადაწყვიტა, რომ ვინაიდან სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა მიეცა, გარიდებოდა უგრეხელიძეს. დასაქმებისათვის განმცხადებელმა გაიარა შესარჩევი კონკურსი, ამასთან, იგი არ უარყოფს, რომ მისი კანდიდატურის შერჩევის შემდეგ ორგანიზაციის წაარმომადგენელი დაუკავშირდა პაპუნა უგრეხელიძეს, ვინაიდან მათ პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ საჯარო რეესტრთან და ჰკითხა თანამშრომლის წასვლის გამო პრობლემები ხომ არ შეექმნებოდა რეესტრს. პაპუნა უგრეხელიძემ მათ დაუდასტურა, რომ არ იყო წინააღმდეგი, რომ განმცხადებელი მათთან გადასულიყო".

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში პაპუნა უგრეხელიძე ასევე წერს, რომ შანტაჟის, ასევე პატივისა და ღირსების შელახვის გამო აპირებს სასამართლოს მიმართოს.

"ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ შევიწროვებას, "სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას", როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლი და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის... სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია... როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი "დასკვნები" ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს", - წერს უგრეხელიძე.

მისი ინფორმაციით, პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოდგება და იუსტიციის სამინისტროს გადადგომის მოთხოვნით გუშინვე მიმართა.

"იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.

ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება", - წერს უგრეხელიძე.

მისივე თქმით, ერთადერთი, რისთვისაც ბოდიშს იხდის, ისაა, რომ ყოფილ თანამშრომელთან მეგობრობდა.

"ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი მასთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია", - წერს უგრეხელიძე და ტორტის ფოტოს ავრცელებს.


ფოტო: პაპუნა უგრეხელიძე

გარდა ამისა, პაპუნა უგრეხელიძე ავრცელებს ნასამართლეობის შესახებ ცნობას. ასევე, აცხადებს, რომ მის მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამის შესახებ გუშინ იუსტიციის მინისტრს ტაბულამ ჰკითხა. უგრეხელიძე წერს, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებს უჩივლებს, თუმცა ინფორმაცია არსად გავრცელებულა და მხოლოდ კითხვა დაისვა.

"გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი. ამ კითხვის ავტორებმა ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/2IXltoU 

ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ! დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით!", - წერს უგრეხელიძე ფეისბუქზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა დასკვნა, რომლის მიხედვით უგრეხელიძე თანამშრომელს ემუქრებოდა, ასევე, სექსუალურად და სქესის ნიშნით ავიწროებდა, საჯარო რეესტრის უფროსს ჯერ კიდევ 2017 წლის მაისს გადაუგზავნა.

ამის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ასევე პრემიერმინისტრი. ფაქტს რეაგირება მას შემდეგ მოყვა, რაც სახალხო დამცველის დასკვნა მედიაში გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა ამ ეტაპზე, მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებს. მან მხოლოდ ერთი მესიჯის გასაჯაროება ისურვა, სადაც უგრეხელიძე ცემით ემუქრება.

უგრეხელიძის წინააღმდეგ არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომელზეც დავა სასამართლოში გრძელდება და ამ შემთხვევაშიც, საუბარია დისკრიმინაციაზე.

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის მონათხრობი წაიკითხეთ აქ: მუქარა და შევიწროება - რაში ადანაშაულებს ყოფილი თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძეს

კომენტარები