რუსეთ-საქართველო

ილია II-მ კემეროვოს ტრაგედიის გამო, რუსეთის პრეზიდენტს და პატრიარქს მიუსამძიმრა

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.

"თქვენო უწმინდესობავ, კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს. თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლად შესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით“,- ნათქვამია პატრიარქი კირილის მიმართ გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“,- წერს ილია მეორე ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში.

კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. მისი ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. კემეროვოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან მსხვერპლის რეალური რაოდენობის და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გასაჯაროებას, დამნაშავე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს. დაღუპულთა ნათესავების თქმით, 85 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ვლადიმირ პუტინმა 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები