ხანძარი რუსეთში

კემეროვოს ხანძარი: მოსახლეობა მერის და გუბერნატორის გადადგომას ითხოვს

Reuters

რუსეთში, კემეროვოს ოლქის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი ათასობით ადამიანი გუბერნატორისა და მერის გადადგომას ითხოვს. ისინი ხელისუფლებას სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარზე სიმართლის გასაჯაროებას სთხოვენ, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი, მათ შორის 41 ბავშვი იმსხვერპლა.  

ნათესავები აცხადებენ, რომ 85 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. Interfax News-ის თანახმად, მათი უმეტესობა მცირეწლოვანია.

გამოძიების თანახმად, ხანძრის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. ცნობილია ისიც, რომ სავაჭრო ცენტრის სახანძრო სიგნალიზაცია გამორთული იყო, ავარიული გასასვლელები კი გადაკეტილი.

საპროტესტო აქციის ერთერთი მონაწილე “Эхо Москвы”-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველას, ვინც ტრაგედიის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ტელეფონს ართმევენ და ხელს გაუთქმელობის შეთანხმებაზე აწერინებენ.

კემეროვოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან მსხვერპლის რეალური რაოდენობის და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გასაჯაროებას, დამნაშავე პირების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ხანძარი “დანაშაულებრივი გულგრილობის” შედეგია.

შეგახსენებთ, რომ კემეროვოში მდებარე სავაჭრო-გასართობ ცენტრში ცეცხლი კვირას, 25 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა.

კომენტარები