დისკრიმინაცია

სქესის და სხვა ნიშნით დისკრიმინაცია - კოალიციამ თანასწორობისთვის 60 საქმეზე იმუშავა

0 კომენტარი
ფოტო: კოალიცია თანასწორობისთვის

კოალიციამ თანასწორობისთვის 2016-2017 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებსა და სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციის ნიშნით 60 საქმე აწარმოა. მათგან ყველაზე მეტი - 15 საქმე შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა. 

ამის შესახებ კოალიციის "თანასწორობისთვის" 2016-2017 წლების საქმიანობის ანგარიშში წერია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

მათი ცნობით, კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა სასამართლოებს სექსის ნიშნით დისკრიმინაციის 14 საქმეზე მიმართეს, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით კი - 10 საქმეზე.

სასამართლოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის საქმე 6-ჯერ წავიდა - მათგან 1 ლესბოსელი ქალის დისკრიმინაციას ეხება, 2 - ტრანსგენდერი ქალის, 3 კი გეი ბიჭების დისკრიმინაციას. 

ასევე, კოალიციის მიერ წარმოებული 2 საქმე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეხება, 2 საქმე - გამოხატვის ნიშნით, ასევე 2 საქმე - პოლიტიკური ნიშნით, 1 - ოჯახური მდგომარეობის ნიშნით, ასევე 1 - მოქალაქეობის გამო დისკრიმინაციას, თითო-თითო საქმეებია განათლების მიღების ფორმის საფუძველზე და პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციას. 

რამდენიმე საქმე, რომელზეც კოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა სასამართლოებს და ომბუდსმენს მიმართეს: 

ნათია ენდელაძე ტაქსის კომპანია "Maxim"-ის წინააღმდეგ

2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა, ნათია ენდელაძემ თავის სამ მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ უბანში ტაქსი გამოიძახა. გამოძახების ადგილზე ტაქსის მისვლის მომენტში ნათიას და მისი ასევე ტრანსგენდერი ქალი მეგობრებს ეცვათ ქალის ტანსაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჰქონდათ მაკიაჟი. ნათია ყვება, რომ როდესაც მათ მანქანის კარი გააღეს, მძღოლმა დაუყვირა: "ფუ, თქვე პირადასტებო, მანქანაში არ ჩაგსვამთ", რის შემდეგაც მანქანა სწრაფად დაძრა და წავიდა. ნათია ენდელაძემ დაუყოვნებლივ დარეკა ტაქსის კომპანიაში და მომხდარის შესახებ შეატყობინა. მას განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ მათთვის წერილობით უნდა მიემართა და საჩივარს განიხილავდნენ, თუმცა მისთვის ალტერნატიული ავტომობილი არ შეუთავაზებიათ. 

ნათია ენდელაძე მიიჩნევდა, რომ მისთვის ტაქსის მომსახურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მძღოლის ჰომოფობიური და ტრანსფობიური წინასწარგანწყობით და ამას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. ის გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი გენდერული იდენტობის და გამოხატვის ნიშნით. 

საქმეზე "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" სახალხო დამცველს მიმართა. 

შ.პ.ს ტექნოკომმა ომბუდსმენს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მძღოლის განმარტებით, მგზავრების რაოდენობა აღემატებოდა მანქანაში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას და მათ მომსახურებაზე უარიც სწორედ ამიტომ თქვა. ამასთან, შპს ტექნოკომმა მიუთითა, რომ არ ყავს საკუთარი ავტომობილები, ის ოპერატორია, რომელიც მძღოლებს შეკვეთებს გადასცემს, ისინი კი თავად, დამოუკიდებლად უწევენ მგზავრებს მომსახურებას. 

მძღოლს თავად ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც ესაუბრნენ. გ.გ-მ მათ უთხრა, რომ მანქანაში უკანა სავარძლებზე მხოლოდ 2 ადამიანს სვამს. მისი თქმით, მომსახურებაზე უარის თქმით მიზეზი სწორედ ეს იყო და არა ის, რომ მგზავრები ტრანსგენდერი ადამიანები იყვნენ. 

სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო არა მხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ლგბტ თემი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია საქართველოში. 

ომბუდსმენის რეკომენდაციით, მძღოლს და შ.პ.ს ტექნოკომს ეთხოვათ, მომსახურების გაწევისას უზრუნველყონ თანასწორობის პრინციპის დაცვა. შ.პ.ს ტექნოკომს ეთხოვა, შეიმუშაოს შინაგანაწესი, სადაც განმტკიცებული იქნება მგზავრების მომსახურების ანტიდისკრიმინაციული პრინციპები, ასევე, Maxim-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის თაობაზე. 

არც შპს ტექნოკომს და არც მძღოლს სახალხო დამცველების რეკომენდაცია არ შეუსრულებია. 

"საფარი" იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის წინააღმდეგ

2017 წლის 4 აგვისტოს ორგანიზაცია "საფარმა" სახალხო დამცველს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის წინააღმდეგ მიმართა. საქმე სკოლის განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც, ის სტიპენდიას გასცემდა მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისთვის. 

"საფარი" მიიჩნევდა, რომ ეს განცხადება სქესის ნიშნით დისკრიმინაცია იყო, რადგან სკოლის მოსწავლე გოგონები არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ მეშვიდე კლასელ ბიჭებთან შედარებით, ვინაიდან მართ არ მიეცათ საშუალება, მიეღოთ სტიპენდია. 

"განცხადება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპს და საქართველოს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. საქართველოში აკრძალულია ყველანაირი სახის დისკრიმინაცია", - აცხადებდა "საფარი". 

ორგანიზაცია სახალხო დამცველისგან ითხოვს სკოლის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სახალხოდ დამცველის ზოგადი წინადადების გამოცემას, რომლითაც იაკობ გოგებაშვილის ქართულ სასწავლებელს სტიპენდიის გაცემისას გენდერულად არადისკრიმინაციული დებულების შემუშავება დაევალება. ამ ეტაპზე ამ საქმეზე ომბუდსმენის აპარატში საქმის წარმოება მიმდინარეობს. 

PHR შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველს 2017 წლის 15 თებერვალს მიმართა. საქმე 2016 წლის 18 დეკემბერს, სტუდია მონიტორის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში აღწერილ ვითარებას ეხება - საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს მოიხსენიებს როგორც "ციგნებს". 

"მისი საუბრის მანერაში იკვეთება განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება ბოშების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მიმართ, კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამბობს შემდეგ ტექსტს: "ციგნები სულ გარეთ ყრიან, აი სად წავიყვანო, გეკითხები, დედაბუდიანად გარეთ ყრიან". პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლების პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობის და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამ შემთხვევაში კი, ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ დამოკიდებულებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ და ეთნიკური ნიშნით ახდენდა დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლის დაყოფას, რაც წარმოშობს არაშემწყნარებულურ ფონს და აძლიერებს საქართველოში მცხოვრები ბოშების მიმართ არსებულ სტიგმას", - წერდა PHR. 

მათი მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურეობრივი გადაცდომის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით შსს-ის გენერალურ ინსპექციას მიმართა. მოგვიანებით ომბუდსმენს უწყებიდან აცნობეს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურეობრივი შემოწმება ჩაატარა. ერთ-ერთ პოლიციელს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შენიშვნა, მეორე თანამშრომლის მიმართ კი გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები