ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენი: მერაბიშვილის უფლებების აღსადგენად ეფექტიანი ღონისძიება გასატარებელია

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება, ვანო მერაბიშვილის საქმეზეც არის საუბარი. 

ომბუდსმენი საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქარველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ კონვენციით აკრძალული მიზნებით განპირობებული თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების უხეში დარღვევა დაადგინა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ დარღვეული უფლებების აღსადგენად საქართველოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს.

"კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით, იშვიათი პრეცედენტია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, ისეთი შიდა ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი (გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა და აღსრულება) მოითხოვს", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში. 

ადამიანის უფლებათა სასამართლომ დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები). ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ, სულ მცირე, 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან, მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

უფრო კონკრეტულად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 სექტემბერიდან ​ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან.

კომენტარები