ნარკოპოლიტიკა

შსს: ბოლო 2 კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დავაკავეთ, მათგან 5 - რეალიზატორი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავა, მათან - 5 ნარკორეალიზატორია.

შს მინისტრის მოადგილის, მამუკა ჭელიძის თქმით, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს გერმანიის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ლ.ა, რომელსაც დროებით საცხოვრებელ ბინაში 2644 აბი ექსტაზი, 323 აბი სუბუტექსი, 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კილოგრამი მდმა და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი აღმოჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ). დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ასევე, დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ს. ჭელიძის თქმით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბრაზილიიდან დუბაის გავლით, საქართველოში ჩამოფრინდა. პოლიციამ, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 676,1448 გრამი კოკაინის შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება მის წინააღმდეგაც სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს და ასევე 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სულ ამოღებულია: 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი.

მამუკა ჭელიძემ ნარკოდანაშაულის შესახებ საუბრისას გიორგი გიორგანაშვილის, ირაკლი ქორიძის და ჯაბა ხულორდავას საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ "გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა".

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველა ამ საქმის გამოძიებაში საქართველოს ინტერპოლი და ევროპოლი დაეხმარა, ვინაიდან "საქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში". 

კომენტარები