ზვიად დევდარიანი: გამოვდივარ ფეისბუქ-სასამართლოს წინააღმდეგ

ტაბულა

ზვიად დევდარიანი ქალების მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მზად არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდოს. 

ის გეგმავს პროკურატურასაც მიმართოს და საქმის წარმოება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, ასევე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლებით მოითხოვოს.

ასევე, შეიტანენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში ზვიად დევდარიანის პატივის და ღირსების შელახვის გამო.

უცნობია კონკრეტულად ვის უჩივის დევდარიანი. ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სარჩელი მედიისა და რომელიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ არ არის. ადვოკატის განცხადებით, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, დიმიტრი გაბუნია არ აკონკრეტებს ვინ, სად და რა ფორმით ჩაიდინა ეს დანაშაული. ტაბულას კითხვას ამის შესახებ, ადვოკატმა კითხვითვე უპასუხა - "დაკითხვაზე ვართ?".

"მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვარ, ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში. მზად ვარ, ვიდაო ჩემი პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. მზად ვარ, ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზანია, გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ ფეისბუქ-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს დავიწყე არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების და რეპუტაციის გადასარჩენად", - თქვა ზვიად დევდარიანმა.

ზვიად დევდარიანმა არ უპასუხა ტაბულას კითხვას - "სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეხვედრია თუ არა ქალებს, რომლებსაც სამსახური აინტრესებდათ და მას ამის ნაცვლად სექსზე უსაუბრია?" ადვოკატის განმარტებით, კითხვაზე პასუხს გამოძიების ინტრესებიდან გამომდინარე არ სცემენ.

მოგვიანებით, დევდარიანმა იგივე კითხვაზე პასუხად თქვა:

"მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა და მზად ვარ ეს სიმართლე ვამტკიცო შესაბამის ორგანოებში. სწორედ ამისთვის ჩატარდა ეს პრესკონფერენცია და სწორედ ეს გზა დავაანონსეთ. რახან ეს პროცესი დავიწყე, ვთვლი, რომ მე ამ ნაწილში ვარ მართალი. არანაირ შევიწროებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია".

სიდა-ს ყოფილმა დირექტორმა და მისი ადვოკატმა არ უპასუხეს კითხვას იმის შესახებ, რატომ საუბრობს რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქალი ერთსა და იმავეზე.

მათივე თქმით, სახალხო დამცველის განცხადება იმის შესახებ, რომ შეხვდა ქალებს, რომლებიც დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე საუბრობენ, არაფერს ცვლის, ვინაიდან ომბუდსმენს შეუძლია, ყველა ადამიანს მოუსმინოს. 

"ადამიანის დაშანტაჟება უფრო და უფრო იოლი ხდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანისთვის კონკრეტული მიზნისთვის, უაპელაციოდ დაბრალება იმისა, რაც არ გაუკეთებია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, არ უნდა ხდებოდეს და ეს არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით. რახან მათ არ უნდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, ამას ჩვენ გავაკეთებთ. აგერ არის ტელეფონი, სადა არის ყველა მიმოწერა, ამას ჩვენ თვითონ წავიღებთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში", - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, დევდარიანი მიმართავს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსაც და იმ ტელეფონებს გადასცემს, რომლებსაც ის იყენებდა. ადვოკატის თქმით, პირადი მიმოწერაც სწორედ აქ არის დაფიქსირებული. 

Cida-ს ყოფილი ხელმძღვანლი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

კომენტარები