ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო არჩევნების ბოიკოტს ეხმიანება

0 კომენტარი

"ევროპული საქართველოს" განცხადებით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია და პირდაპირ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე.

ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა - ისინი ერთი მხრივ საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნება" წლებია არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერ მეთოდს იყენებს. ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება - საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, ამიტომ, "ქართული ოცნების" შეცვლა გარდაუვალია. "ევროპული საქართველოს" განცხადებით, პარტია გამარჯვებისთვის იბრძოლებს როგორც შუალედურ არჩევნებში, ასევე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.

"დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა. ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში ქართული ოცნების შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს.

ამიტომ ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ვთავაზობთ შემოგვიერთდეს. ევროპული საქართველო გამარჯვებისთვის იბრძოლებს როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა ქართულ ოცნებას მოუწევს დატოვოს ხელისუფლება", - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".

ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათ შორის არიან ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები