გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაზე: შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს

twitter.com

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, არ დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა.

"აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება. მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება", -აცხადებს პრემიერმინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არაბუნებრივია, 115 ადამიანი აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს.

"2012 წლის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა და ქვეყანა მართლაც დემოკრატიის გზას დაადგა. დღეს არის სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება. არჩევნები არის თავისუფალი, მედია არის თავისუფალი, არასამთავრობო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ამ გარემოში სრულიად არაბუნებრივია, რომ 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში და იმ დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლის მსგავსიც, პრინციპში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არის, ეს არის დემოკრატიული პროცესი, "რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია".

"რა თქმა უნდა, არის საკითხები, როდესაც კონსოლიდაცია საჭიროა, როგორიც იყო მაგალითად კონსტიტუციის მიღებისას, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ვერ მოხერხდება გუნდის ყველა წევრის ერთ აზრზე შეჯერება. ასეთ დროს არის ხოლმე თავისუფალი კენჭისყრაც და ა.შ. ამიტომ, შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს და არავითარ შემთხვევაში არა, - როგორც რაიმე განხეთქილების საბაბს.

არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია.

რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია, გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილმა კი კაკაბაძისთვის ხმის მიცემისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები