რასიზმი

შსს: გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე 20-მდე პირი დაკითხეს. შსს აღნიშნავს, რომ გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც. სამინისტროს განცხადებით, მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება.

"ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.

მუხლის კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება დასრულდება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება" - აცხადებს შსს.

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ კანის ფერის გამო, მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოძალადეები დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. სტუდენტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას, შსს-ს და პროკურატურას მიმართა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ადგილზე რეაგირება არ მოახდინეს. NGO-ების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს სსკ 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 

კომენტარები