როსსელხოზნადზორ-ი საქართველოში

"როსსელხოზნადზორი" ფაროსანას გავრცელების საკითხებს საქართველოში გაეცნობა

Customs.News

საქართველოში "როსსელხოზნადზორ"-ის (რუსეთის ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური) წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, "როსსელხოზნადზორის" -ის  წარმომადგენლები, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც  იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ დარღვეული აქვთ "კანონი ოკუპაციის შესახებ", რომლის მიხედვითაც, "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით". 

ტაბულა ინფორმაციას, იმყოფებოდნენ თუ არა როსსელხოზნადზორის-ის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოში ჩამოსვლამდე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან ამოწმებს.

კომენტარები